საკონსტიტუციო სასამართლო

ფოფხაძე: საკონსტიტუციოს მოსამართლეების არჩევის ვადა 3 თვემდე უნდა გაიზარდოს

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან. როგორც ფოფხაძე რუსთავი 2-თან საუბრისას განმარტავს, მათი ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ვადის 1-დან 3 თვემდე გაზრდას გულისხმობს. ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 სექტემბერს განიხილავენ.

"1-თვიანი ვადა იცვლება 3-თვიანი ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე მოქმედი კანონმდებლობით იმისათვის, რომ შერჩეული ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან, მას ჰქონდა ერთი თვის ვადა, კანონის მიღების შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებს სამ თვემდე ამ ვადის გაზრდას. იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული კონსენსუსია საჭირო პარლამენტში, რომ 76 ხმა იყოს ერთ ადამიანზე ორიენტირებული და შეთანხმებული. შესაბამისად, ერთი თვე შეიძლება ამ კონსულტაციებისთვის და შეთანხმებისთვის საკმარისი არ იყოს და ეს ვადა გახანგრძლივდება სამ თვემდე, თუ კანონი იქნება მიღებული", - ამბობს ფოფხაძე.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, "ხელისუფლება ვერ ასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარებას" და ამიტომ გამოდიან ამ ინიციატივით.

"მათთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო დაიქვემდებარონ არჩევნებამდე, რათა არჩევნების შედეგების გაყალბება გახდეს შესაძლებელი და ასევე რუსთავი 2-ის პროცესი დამთავრდეს არჩევნებამდე", - ამბობს ენმ-ის წევრი სერგო რატიანი.

"ქართულ ოცნებას, როგორც ქვეყნის კრიზისში შემყვან ძალას, როგორც ქვეყნის უკანდამხევ ძალას, დაკარგული აქვს დემოკრატიული მანდატი და ამიტომ, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ამ უმრავლესობამ და დისკრედიტირებულმა პარლამენტმა, არამედ ახალმა პარლამენტმა, რომელსაც ექნება ხალხის ნდობის მანდატი", - თქვა გიორგი კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს, გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას ეწურებათ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.

კომენტარები