მთავრობა ამბროლაურში აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ტერმინალის მოწყობას გეგმავს. აეროდრომის მშენებლობის დასაჩქარებლად მთავრობამ დღეს გამარტივებული შესყიდვები დაამტკიცა. პრემიერის თქმით, ახალი ობიექტი რეგიონში ტურისტულ შესაძლებლობებს გაზრდის.
"ეს მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და დასრულებული იქნება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, შესაძლოა, ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის, დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელსაც 23 სექტემბრიდან, ევროპისკენ 7 მიმართულება ემატება.
ამბროლაურში აეროდრომი ადრეც არსებობდა, თუმცა დამოუკიდებლობის პერიოდში ობიექტი პრაქტიკულად ამორტიზებული გახდა. აეროდრომის გაფართოების იდეა წინა მთავრობის დროს, 2011 წელს გაჩნდა, მაშინ მთავრობა ერთი წლის ვადაში მესტიის აეროდრომის მსგავსი ტერმინალის მოწყობას გეგმავდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ პროექტი დროებით შეჩერდა.
2014 წლიდან კი პროექტის განვითარება გაგრძელდა, ამ წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოამზადა დასკვნა ყოფილი აეროდრომის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.





