საზოგადოება

ვინ ქმნის ამინდს? მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში

CRRC-საქართველოს მიერ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისათვის (NDI) გასული წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 95%-ს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში. ამასთან, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის დონე ჯერ კიდევ დაბალია.

სამოქალაქო ჩართულობა, ანუ მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანებს სურთ, არ იყვნენ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური შემსრულებლები და მთავრობა მათ წინაშე ანგარიშვალდებული იყოს. ეს სწორედ ის მექანიზმია, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, გავლენა მოახდინონ საკუთარი უბნის, ქალაქის ან ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე.

როდესაც სამოქალაქო ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ როგორც მის ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გამოვლინებებს. პირველ შემთხვევაში საუბარია სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობაზე, მათ საქმიანობასა თუ ღონისძიებებში ჩართულობაზე, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, მაგალითად, არჩევნებში ხმის მიცემის გზით. არაფორმალური ჩართულობა კი გულისხმობს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მოხალისეობას, ისეთ აქტივობებში მონაწილეობას, როგორიცაა, მაგალითად, სადარბაზოს და ეზოს დასუფთავება.

ფორმალური ჩართულობის კონკრეტული მაგალითებისთვის შეგვიძლია CRRC-NDI-ის 2015 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგებს მივმართოთ: როგორც ირკვევა, გამოკითხვამდე ბოლო 12 თვის მანძილზე საჯარო შეხვედრას მოსახლეობის მხოლოდ 9% დასწრებია, დემონსტრაციას – 3%, ასეთივეა პეტიციაზე ხელის მომწერთა წილიც. მსგავს სურათს გვიჩვენებს სხვა გამოკითხვების შედეგებიც, მაგალითად, 2014 წლის აპრილ-მაისში CRRC-საქართველოს მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვა სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.

G-PAC-ის გამოკითხვის შედეგებიდან ვიგებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია რაიმე გაერთიანების, კლუბის ან ასოციაციის წევრი – რომელთა შორის ისეთი გაერთიანებებიც მოიაზრება, როგორიცაა წიგნების მოყვარულთა, მწერალთა ან ხელოვანთა კლუბები, თეატრის, ცეკვის ან სპორტის მოყვარულთა გაერთიანებები, თუნდაც რაიმე ონლაინგაერთიანება.

G-PAC-ის გამოკითხვა საინტერესო სურათს გვთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, რაც აგრეთვე ფორმალური ჩართულობის ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ძალზე მცირე წილია არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი, მცირეა მათი წილიც, ვინც, ფორმალური გაწევრიანების გარეშე, მონაწილეობას იღებს ამ ორგანიზაციების საქმიანობაში ან ურთიერთობს მათთან. კერძოდ, გამოკითხვის ჩატარებამდე 12 თვის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ შეხვედრებსა და ტრენინგებში მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს მიუღია მონაწილეობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც შეიძლება აფერხებდეს მოქალაქეების არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებას ან მათ საქმიანობაში ჩართვას, შესაძლოა, იყოს აცდენა არასამთავრობოთა საქმიანობის სფეროებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. 2014 წელს, G-PAC-ის გამოკითხვის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის მესამედი (31%) აცხადებდა, რომ საქართველოში არასამთავრობოები ძირითად ყურადღებას უთმობენ არჩევნებს. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება, რასაც აჩვენებს როგორც ხსენებული G-PAC-ის, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ფორმალური მონაწილეობის დაბალი დონის პარალელურად, შედარებით მაღალია მოსახლეობის მიერ გამოხატული ინტერესი ასეთი მონაწილეობისადმი. G-PAC-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, 35% ამბობს, რომ გაწევრიანდებოდა ორგანიზაციაში, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად იმუშავებდა. გაწევრიანების სურვილი ჭარბობს 18-დან 35 წლამდე ადამიანებს შორის, ვისაც უფრო მაღალი განათლება აქვს მიღებული და ინტერნეტის ხშირი მომხმარებელია. ეს მექანიკურად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის 35% მზად არის, ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრი გახდეს, თუმცა ორგანიზაციებს გარკვეულ მინიშნებას აძლევს, სად შეიძლება ეძიონ რესურსი.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ფორმალური მონაწილეობის დაბალი დონისაგან განსხვავებით, კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში შედარებით უფრო მაღალია არაფორმალური მონაწილეობის ზოგიერთი ფორმა. მაგალითად, G-PAC-ის 2014 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად, 29% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია საზოგადო ადგილის (ეზოს, სადარბაზოს და ა.შ.) დასუფთავებაში. გაცილებით ხშირია ჩართულობა ისეთ ქცევებში, რომლებსაც, როგორც წესი, სამოქალაქო ჩართულობის ხელისშემწყობ ფაქტორებად განიხილავენ: მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ დახმარებია ნაცნობ ან უცხო ადამიანს, მიუცია ფული მათხოვრისათვის; თითქმის მესამედი ამბობს, რომ გაუღია თანხა ქველმოქმედების მიზნით.

იმისათვის, რომ სამოქალაქო ჩართულობის ეს სახეობები საერთო მიზნის მისაღწევად ფორმალურ და ორგანიზებულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ. უნდობლობა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელს უშლის საერთო მიზნის გარშემო ორგანიზებასა და, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ჩართულობას. როგორც ირკვევა, საქართველოში ადამიანები თანამოქალაქეთა უმეტესობას ნაკლებად ენდობიან. G-PAC-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯამში, მოსახლეობის 18% ამბობს, რომ შეუძლია ენდოს ადამიანების უმეტესობას, საქართველოში მსოფლიო ღირებულებების კვლევის 2014 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებიდან კი კარგად ჩანს, როგორ მცირდება საქართველოს მოსახლეობის ნდობა თუ, ერთი მხრივ, ახლობლებზეა საუბარი და, მეორე მხრივ, უცხოებზე: თუ მოსახლეობის 91% ამბობს, რომ სრულად ენდობა საკუთარი ოჯახის წევრებს, მეზობლების მიმართ სრულ ნდობას მხოლოდ 27% აფიქსირებს, ნაცნობების მიმართ – 15%, ხოლო ახლადგაცნობილი ხალხის მიმართ – მხოლოდ 1%. ზოგადად, ადამიანების მიმართ ნდობას 10%-იც კი არ აფიქსირებს. შედარებისთვის, შესაბამისი მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში, სადაც ის 44%-დან 66%-მდე მერყეობს. საქართველოზე დაბალი ნდობა კი ისეთ ქვეყნებში ფიქსირდება, როგორებიცაა განა, კოლუმბია, ბრაზილია. 

აღწერილი სურათის ფონზე, აღსანიშნავია ზოგიერთი ცვლილებაც. მაგალითად, თუ G-PAC-ის 2011 და 2014 წლების გამოკითხვების შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2014 წელს უფრო მეტი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ამავე პერიოდში თითქმის გაორმაგდა და 5%-დან 9%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც ამბობს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრას. 2%-დან 6%-მდე გაიზარდა მოსახლეობის ის წილიც, ვინც ამბობს, რომ დარეკა ან მივიდა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში. ეს ცვლილებები ჯერ ძალიან მცირემასშტაბურია, მაგრამ შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, ამას მომავალი გამოკითხვებიდან შევიტყობთ.

კომენტარები