ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა: შენიშვნები და რეკომენდაციები


27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიიღო.

წინასწარ დასკვნაში რამდენიმე ცვლილება დადებითად არის შეფასებული, თუმცა კომისია აკრიტიკებს იმ ძირითად საკითხებს, რომელიც განსაკუთრებით აშფოთებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურისტთა ნაწილს, პოლიტიკურ ოპოზიციას და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმის ორი თვეში მიღება ძალზედ ნაჩქარევის შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებების მეორე მოსმენით 13 მაისის საღამოს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისის დილას მიიღო. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ წინასწარ მოსაზრებებში ამ საკითხს სიღრმისეულად ვერ განიხილავს. თუმცა დოკუმენტში ისიც წერია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა სინანული გამოთქვეს როგორც ცვლილებების ნაჩქარევად მიღების, ასევე ვენეციის კომისიისთვის მათი დროულად არ გაგზავნის გამო.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების ნაწილი ძალზედ პოზიტიური და მისასალმებელია. ასეთად კომისია მოიაზრებს: 1. სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესს, რომელიც, კომისიისვე თქმით, უზრუნველყოფს რეალურ არჩევანს მოსამართლეებისთვის; 2. თანხვედრი და საწინააღმდეგო მოსაზრებების სისტემატიურ გამოქვეყნებას; 3. საქმეების განაწილების ავტომატურ სისტემას და 4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ძალაში შესვლას მათსავე ვებგვერზე გამოქვეყნების შემდეგ.

რაც შეეხება შენიშვნებს, დოკუმენტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თუ არ შეიცვლება ზოგიერთი დებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგება. ეს შენიშვნებია:

1. მოსამართლეთა ვადა შეიძლება მკაცრად იზღუდებოდეს მხოლოდ მაშინ, თუ კონსტიტუცია უზრუნველყოფს, რომ ვადა ამოწურული მოსამართლე საქმიანობას განაგრძობს მანამ, სანამ ახალი მოსამართლე თავის მანდატის განხორციელებას შეუდგება. უნდა გაუქმდეს ნორმა, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილებას ზღუდავს ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. 2. პლენუმზე გადაწყვეტილების მისაღებად დაწესებული ექვსი ხმის მინიმუმი უნდა შემცირდეს და 3. ნორმა, რომელიც ერთ მოსამართლეს საშუალებას აძლევს, საქმე პლენუმს გადასცეს, უნდა შეიცვალოს. მოტივირებული გადაწყვეტილების მოთხოვნა უნდა გაუქმდეს და საქმის პლენუმისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის თქმა პლენუმის მოსამართლეთა უბრალო უმრავლესობას უნდა შეეძლოს.

ერთერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში გაკრიტიკებულია, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადას შეეხება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოსამართლეები საქმიანობას განაგრძობენ მანამ, სანამ მონაწილეობენ მიმდინარე საქმეების განხილვაში. შედეგად, ახალი მოსამართლის მანდატი იწყება მას შემდეგ, რაც ვადა ამოწურული მოსამართლე საქმეებს დაასრულებს. ცვლილების მიხედვით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ყველა შემთხვევაში 10 წელიწადში იწურება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მოსამართლემ საქმიანობა დაასრულოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი მოსამართლე თავის უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.

"... მეორეს მხრივ, გამოცდილება აჩვენებს, რომ სისტემებში, სადაც მანდატის ამოწურვის ვადა მკაცრადაა განსაზღვრული, მოსამართლეთა შორის მემკვიდრეობითობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. რიგ ქვეყნებში მოსამართლეების დანიშვნა/არჩევა გადაიდო, ზოგ შემთხვევაში - დიდი ვადით. ზოგიერთ შემთხვევაში დარჩენილი მოსამართლეების რაოდენობა კვორუმზე ნაკლები აღმოჩნდა და სასამართლო ვერ იკრიბებოდა. ამიტომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეებმა საქმიანობა შეწყვიტონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი მოსამართლე თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. ასეთი სისტემა კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რამდენადაც რთულად არ უნდა ჟღერდეს ეს საქართველოს დღევანდელ პირობებში", - ვკითხულობთ დასკვნაში.

ვენეციის კომისია განსაკუთრებით აკრიტიკებს ცვლილებას, რომლის მიხედვით ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე მოსამართლე ახალ საქმის განხილვაში ვეღარ ჩაერთვება (გარდა ისეთი საქმეებისა, რომელიც ეხება მაგალითად საარჩევნო დავას ან იმპიჩმენტს).

„მაშინ, როდესაც მოსამართლის ვადის 10 წლით განსაზღვრა, კონსტიტუციის გათვალისწინებით, გონივრული ჩანს, რთული გასაგებია, რატომ არ უნდა შეეძლოს მოსამართლეს მისი კონსტიტუციური ფუნქციის სრულად განხორციელება ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. არის თუ არა ასეთი შეზღუდვა არაკონსტიტუციური, ეს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია." - აღნიშნულია დასკვნაში.

კომისიის რჩევაა, ამოღებულ იქნას დებულება - სავარაუდოდ არაკონსტიტუციური - რომელიც ზღუდავს მოსამართლის უფლებამოსილებას მათი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელმაც შენიშვნები დაიმსახურა, პლენუმის გაზრდილ კომეპტენციას ეხება. ცვლილების მიხედვით, საკითხთა დიდი ნაწილი განსახილველად კოლეგიის მაგივრად პლენუმზე გავა, მათ შორის, მხოლოდ პლენუმმა უნდა განიხილოს ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამ საკითხების განხილვის პლენუმისთვის გადაცემა უნდა განვიხილოთ გაზრდილი ქვორუმის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიო უმრავლესობის გაზრდის ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმის პლენუმზე გატანა შეუძლია კოლეგიის ნებისმიერ წევრს. ამასთან, მოსამართლეს ამის მოთხოვნა შეუძლია საქმის ყველა ეტაპზე, პლენუმს კი მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 9-დან 6 მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. ვენეციის კომისია თვლის, რომ ორი მესამედის უმრავლესობის დაწესება გადაჭარბებულია და მოსამართლემ, შესაძლოა, მარტივად გამოიყენოს ბოროტად.

კომისია მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს დებულება, რომელიც ერთ მოსამართლეს საშუალებას აძლევს, საქმე პლენუმზე გადაიტანოს. ხოლო მოთხოვნა დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ უნდა გაუქმდეს და მასზე უარის თქმა პლენუმის მოსამართლეთა უბრალო უმრავლესობას უნდა შეეძლოს.

ერთერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ასევე აკრიტიკებს ვენეციის კომისია, პლენუმის ქვორუმის გაზრდას შეეხება. ცვლილებებამდე პლენუმს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო 9-დან 6 მოსამართლის დასწრების შემთხვევაში. ცვლილების შედეგად, ეს რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილების მისაღებად უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, საჭიროა 6 მოსამართლის ხმა.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ განმარტებით ბარათში მითითებული ჩეხეთის მაგალითი სპეციფიურია და მისი სხვაგან გადატანა ქვეყნის სამართლებრივი ტრადიციის გათვალისწინების გარეშე გამართლებული არ არის, რადგან ჩეხეთის კონსტიტუციური სამართლის ტრადიცია გულისხმობს დაუწერელ წესებსაც, რომლის მიხედვით სასამართლო მუდმივად ცდილობს, გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით მიიღოს და უმრავლესობამ უმცირესობის დამარცხება ხმების მიცემის სისტემის გამოყენებით არ სცადოს.

ვენეციის კომისიას არც საქართველოს მთავრობის ის არგუმენტი აკმაყოფილებს, რომელიც ირწმუნება, რომ ორგანული კანონების გაუქმებას პლენუმის გაზრდილი უმრავლესობა სჭირდება, რადგან მათ მისაღებად პარლამენტის უფრო მეტი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ვიდრე სხვა კანონების შემთხვევაში. კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვერ ხსნის, თუ რატომაა საჭირო გაზრდილი უმრავლესობა არა მხოლოდ ორგანული კანონების, არამედ პლენუმის კომპეტენციაში შემავალი გაცილებით ფართო საკითხების შემთხვევაში.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ გაზრდილ კვორუმთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად 67, 75 ან 86%-იანი უმრავლესობის მოთხოვნა გადაჭარბებულია და მოსამართლეთა უმცირესობას მარტივად ეძლევა საშუალება, სასამართლოს გადაწყვეტილება დაბლოკოს.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იზრდება თავად პლენუმის მიერ განსახილველ საკითხთა რაოდენობა, კომისია თვლის, რომ ეს ცვლილებები სასამართლოს ხელს შეუშლის მთავარი ფუნქციის შესრულებაში. პოლონეთის მსგავს შემთხვევაში, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ორი-მესამედის კვორუმი არ შეესაბამება ევროპული სასამართლოების ზოგად წესს. კომისიის რეკომენდაციაა, გაუქმდეს მინიმუმ ექვსი ხმის საჭიროება პლენუმზე გადაწყვეტილების მიღებისთვის.

კიდევ ერთი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყველა მოსამართლის ხელმოწერის საჭიროებაა. როგორც ვენეციის კომისია ამბობს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მათ აცნობა, რომ ამ საკითხმა უკვე შექმნა პრობლემა ერთ შემთხვევაში, როდესაც ერთერთ მოსამართლეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა არ შეეძლო. კომისიის თქმით, სასამართლოს ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპი მოითხოვს, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაცია, როდესაც ერთი მოსამართლის ხელმოწერის არარსებობას - განზრახ იქნება ეს თუ არა - შეუძლია შეაფერხოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

„იმის მაგივრად, რომ ამ გამოცდილების საფუძველზე, გაუქმდეს ყველა მოსამართლის ხელმოწერის საჭიროება, ცვლილებები განამტკიცებს ყველა მონაწილე მოსამართლის ხელმოწერის საჭიროებას და იმას, რომ მხოლოდ ასეთი აქტები შეიძლება გამოქვეყნდეს." - აღნიშნავს კომისია.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ ცვლილებების ამ ნაწილში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო, რადგან შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა გროვდება, მაგრამ გადაწყვეტილების მომხრე მოსამართლე საპატიო მიზეზით ხელს ვერ აწერს მას და სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მიღებულია.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს, განიხილოს ხსენებული ცვლილებების კონსტიტუციურობა მათ ძალაში შესვლამდე.

 

კომენტარები