საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ორმა დეპუტატმა - პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს სჭირდება და გირჩის წევრების მხარდაჭერით საბოლოოდ გაეცა კითხვას პასუხი - "რა თამაშს თამაშობენ ისინი".
"საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში იღებდა სხვადასხვა მთავრობებისთვის არაკომფორტულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ დღეს ის საქართველოს დემოკრატიული წეს-წყობილების გადარჩენისთვის მებრძოლი მთავარი ინსტიტუციური ბურჯია - რაც საყოველთაოდაა აღიარებული ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ. ამჟამად სასამართლოში განხილვაშია ან განსახილველად შედის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სარჩელი რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმაზე თუ რამდენად გაძალიანდება ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის პროცესში (მაგალითად სარჩელი რუსთავი2-ის შესახებ). ერთი სიტყვით ეს კანონი ძალიან ჭირდება ერთადერთ ადამიანს - ბიძინას. და სწორედ ამ მომენტში, როცა ამ კანონის გათრევა ხდება სწრაფად, ვენეციის კომისიისთვის აზრის კითხვის გარეშე, ვინ დაუდგა გაზპრომის მეწილე ოლიგარქს გვერდით? პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე. დიახ ბატონებო! პატივცემული გირჩი დაუდგა გვერდით. მე მგონი, კიდევ თუ არსებობდა კითხვები თუ რა თამაშს თამაშობენ ეს ბატონები - დღეს ყველა კითხვას პასუხი გაეცა" - აცხადებს კანდელაკი.
გირჩის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, "ორი ხმით დახმარება თითიდან გამოწოვილი ნარატივია". ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ხმების პრობლემა არ ჰქონდა.
"პალიკომ და გოგამ დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ უმრავლესობამ გაითვალისწინა პალიკოს ყველა შენიშნვა. პალიკო იყო ის, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ ყველაზე მეტს იბრძოდა კომიტეტებზე. მე არ დამიჭერია მხარი, რადგან ვიცოდი, რომ არ უნდა დამეჭირა. გამოვტოვე რაღაცეები, რადგან გართული ვიყავი ჩემი კანონით, რომელიც ზუსტად ამ კენჭისყრის წინ ჩამიგდეს. სამაგიეროდ, დავუჭირე ენმ-ის კანონს მხარი, რომელიც გადასახადების შემცირებას ეხებოდა. ასევე დავუჭირე მხარი თავდემების კანონს" - ამბობს ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის ვიცესპიკერს მიმართა, არ ეყარათ კენჭი აღნიშნული კანონპროექტისთვის.
"თქვენ და მე, ქალბატონო მანანა [კობახიძე], ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები და თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებთან იმის შესახებ, რომ მთავრობამ გადაუგზავნოს საკონსტიოტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. კანონპროექტი გაკრიტიკებულია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. თავადაც ჩართული ხართ ამ კონსულტაციებში და იცით, რომ თანამომხსენებლები ჩამოდიან რამდენიმე დღეში და ეს საკითხი იქნება მთავარი. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ არ ვუყაროთ კენჭი მოცემულ კანონს" - მიმართა კანდელაკმა მანანა კობახიძეს.
ვიცესპიკერის თქმით კი, "რაიმე ტიპის რეკომენდაცია, გადაწყვეტილება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ამ თემაზე არ მიუღია. არავითარ გადაწყვეტილებას არ ვფლობთ ამის თაობაზე. დანარჩენი, პიროვნული მოსაზრებები კონკრეტული ადამიანების შეიძლება იყოს მათი მოსაზრება, სხვა ტიპის გადაწყვეტილება ან დასკვნა კომიტეტის მხრიდან ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში" - თქვა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. მისი მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან შევა. გამოქვეყნება კი, 15 დღის ვადაში - საკანონმდებლო მაცნეში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეც. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონებში შევა.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან შედის და 15 დღეში საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება.





