საქართველო-საფრანგეთი

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ელისეის სასახლეში მიიღებს.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგება ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან, „იუნესკოს" გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს" - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა აქტიურია.

"საქართველო და საფრანგეთი არიან პარტნიორები, რომლებიც ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობენ, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში კი, განიხილება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება და შეთანხმება. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ორივე მიმართულებით და ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს საფრანგეთის პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით",- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევიან და მამულიშვილთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ.

"გიორგი მარგველაშვილი ლევილის მამულში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებსაც შეხვდება და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლებულ ბიბლიოთეკასაც ეწვევა. 

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებასაც დაესწრება დაშეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს" - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

კომენტარები