ტურიზმი

მთავრობა ჩინეთისთვის დაწესებული სავიზო რეგულაციების გაუქმებას გეგმავს

Getty Images

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჩინელი ტურისტებისათვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება. ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პეკინში ჩინელ კოლეგას შეხვდა.

"შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიძინ ტაომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით", - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაცია.

ჩინეთს და კიდევ 23 სახელმწიფოს საქართველოს მთავრობამ სავიზო რეგულაციები 2014 წლის სექტემბერში დაუწესა. 2016 წლის თებერვალში კი საქართველომ უვიზო რეჟიმი ირანთან აღადგინა. იმ ქვეყნების ჩამონათვალი კი ვისაც საქართველომ რეგულაციები დაუწესა ასე გამოიყურება: ერაყი, ბოლივია, ჩილე, კუბა, გვატემალა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ტრინიდადი და ტობაგო, სენტ კიტსი და ნევისი; სურინამი და სენტ ლუჩია, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი და ავღანეთი.

კომენტარები