პირადი კადრები

პროკურატურა პირად კადრებზე: ვიდეოფაილები უმოკლეს დროში იბლოკება

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო-საპროცესო სამუშაოებს დაუყოვნებლივ ატარებენ. უწყება აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები სწავლობენ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობას და წარმოშობის წყაროს.

"შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან" გვაქვს. ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და გავრცელების პრევენციის მიზნით ვიდეოფაილები სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე უმოკლეს დროში იბლოკება. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გამავრცელებლის დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები