საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: წულუკიანის განცხადების შემდეგ, პაპუაშვილის ოჯახს დაემუქრნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის განცხადებების შემდეგ, გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება", - წერია სასამართლოს განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის წევრად მოიხსენია. მისი თქმით, "ჩემი მიზანია, ნაციონალური მოძრაობის და პარტიის ერთ-ერთი წევრის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰქვია, პოლიტიკური ეპოქა ოქტომბერში ჩაბარდეს სამუდამოდ წარსულს.“ წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება". მისივე განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს უკვე გამოუქვეყნა საკონკურსო შედეგები - ორიანები, და სხვა დასაშანტაჟებელი დოკუმენტაცია არ აქვს.

კომენტარები