როცა ადამიანები საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, სხვების ქცევის გაკონტროლება უნდებათ - ფსიქიატრ რობინ სკინერის ეს სიტყვები იდეალურად ახასიათებს იმას, რაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხდა. რამდენიმე დღის წინ, კომიტეტმა რომელიც წესით ადამიანისთვის ღვთივ მინიჭებულ უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მწვანე შუქი აუნთო კანონპროექტს, რომელიც სერიოზულ საფთხეს შეუქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების დასჯას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მთელი კოჰორტა უჭერს მხარს - თამაზ მეჭიაურით დაწყებული გედევან ფოფხაძით დასრულებული, რელიგიური ცენზურის დაწესების მხარეს დგანან. როგორც ლევან ბერძენიშვილმა დაიჩივლა, ლიბერალები თურმე პარლამენტში უმცირესობაში ყოფილან, რთულია ამ დროს ბატონ ლევანს თანავუგრძნოთ - ის და მისი ლიბერალი თანამებრძოლები დღემდე იმ გუნდის წევრები არიან, რომელსაც ერთიანი პოზიცია გოგი თოფაძის სამარცხვინო განცხადებებზეც არ გააჩნია.




