ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: ევროკავშირიდან მე უკვე მომილოცეს, დასკვნა არის პოზიტიური

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მე მინდა, პირველად ვუთხრა საზოგადოებას და თქვენ ყველას, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში ევროკავშირის, სადაც საქართველოსთან მიმართებით არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ. მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ წევრს მთავრობის, ძალიან შრომატევადი საქმე იყო. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებით და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ, რომ იტყვიან, 100%-ით შევასრულეთ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები. ასე რომ, მე გუშინ უკვე მომილოცეს საღამოს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ გადადგმული ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ნდობის დადასტურება, ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება არის ევროპის მხრიდან და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, არ მინდა ახლა რომელიმე უწყება გამომრჩეს. ყველამ, აბსოლუტურად უწყებამ იმუშავა თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში, სამი წლის განმავლობაში იმუშავა მუხლჩაუხრელად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას გადაგიხადოთ მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის და თავდადებისთვის.
ჩვენ დაველოდოთ მაინც ოფიციალურ განცხადებას და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის დასკვნაზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

კომენტარები