ენერგეტიკა

2014 წელს ენერგეტიკის სექტორი 2.5%-ით შემცირდა

PowerAfrica

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ კი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაში 2.5%-იანი კლება დაფიქსირდა. 2015 წელს პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების (FDI) მოცულობამ $20 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელს არსებულ $102 მილიონთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უკვე მეხუთე კვარტალია მცირდება. 

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაში არსებული კლების პარალელურად მთავრობა რუსულ სახელმწიფო კომპანია Gazprom-თან დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით მარტავს მოლაპარაკებებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული გარიგების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებები დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას.

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების შემცირება შესაძლოა გარკვეულწილად ახალი ჰიდროპროექტების გარემოზე გავლენის დადგენის ხანგრძლივ პროცესებს უკავშირდებოდეს, რომელთა გამოც მრავალი დიდი ზომის ჰიდროპროექტის განხორციელება ჭიანურდება. 

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური და ხუდონჰესი. ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2 მილიარდს შეადგენს. ენერგეტიკოსების შეფასებით, ხუდონის პროექტი მრავალი მიზეზის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო საკმაოდ ჭიანურდება. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე თბოელექტროსადგურის მშენებლობაც, მათ შორის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საწვავად საქართველოში მოპოვებულ ქვანახშირს გამოიყენებს. 

კომენტარები