საქართველოს ეკონომიკა

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.8% იყო, რაც დაზუსტებულ მონაცემებს 0.2%-ით აღემატება. ლარებში გამოსახული ქვეყნის ეკონომიკა კი გასულ წელს 29.1 მილიარდი იყო. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. წელს კი 4.6%-თან შედარებით 2.3-ჯერ უფრო მცირე, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი, თუმცა საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2.7% იყო. მთავრობა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო წლის ბოლომდე დარჩენილ თვე-ნახევარში ბიუჯეტის კორექტირებასა და საგადასახადო შემოსავლების 120 მილიონით გაზრდას გეგმავს. 

ქვეყნის სიმდიდრის განმსაზღველი ინდიკატორი, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, გასულ წელს 6491 ლარი, დოლარში კი $3676 იყო. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, საქართველო ჯერ კიდევ საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რეიტინგში იმყოფება. იმისთვის, რომ საქართველო ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდეს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $6 ათასი მაინც უნდა იყოს. 2015 წელს ლარის გაუფასურების გამო დოლარში გამოსახული ეკონომიკის მოცულობა და, შესაბამისად, მშპ ერთ მოსახლეზე სავარაუდოდ შემცირდება. 


ფოტო: საქსტატი

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, წამყვანი ადგილი ვაჭრობას უჭირავს, რომელზეც მშპ-ის 17% მოდის, ასევე მნიშვნელოვანი წილი - 16% მრეწველობის სექტორზე მოდის. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10.4%, სოფლის მეურნეობა - 9.3%, მშენებლობა - 7.1%, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 6%. სახელმწიფო სექტორის საქმიანობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 9.9% უჭირავს.


ფოტო: საქსტატი

სექტორების მიხედვით, შედარებით მაღალი 13%-იანი ზრდა მშენებლობის სექტორზე მოდის, ასევე 9.9%-იანი ზრდა არის საფინანსო სექტორში, რაც სხვა მიზეზებთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას უკავშირდება. მზარდია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი - სადაც წელს 7.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

კლება შეიმჩნევა ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ კი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში, სადაც 2014 წელს -2.5%-იანი კლება იყო. ასევე 5.4%-ით შემცირებულია შინამეურნეობებისა და შინამოსამსახურეების საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოება. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ზრდის ტემპი შვიდჯერ შემცირდა და 1.6% გახდა.

2014 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნებას 2015 წლის მონაცემებზეც აქვს გავლენა, რადგანაც წელს არსებული ზრდა საფუძვლად იღებდა საქსტატის დასაზუსტებელ მონაცემს, კერძოდ კი 4.8%-ს. მისი 4.6%-მდე შემცირების შემდეგ კი წელს არსებული ზრდა თავიდან გადაიანგარიშება. იმის გამო, რომ წელს არსებული ზრდა უნდა შედარდეს არა 4.8%-ს არამედ 4.6%-ს, ეს მასზე დადებით გავლენას მოახდენს.

კომენტარები