რუსთავი 2-ის საქმე

TI: შესაძლოა, რომ TBC-მ საკონსტიტუციო სარჩელი ზეწოლის შედეგად გაიტანა

TBC ბანკმა და ფოთის მარცვლეულის კომბინატმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი რამდენიმე დღეში უკან გამოითხოვეს. ორ კომპანიას შორის დავა რუსთავი2-ის საქმის ანალოგიური იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო არსებულ საქმეში კითხვის ნიშნებს ხედავს და არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შემდეგ კი მათ დავა შეაჩერეს.

რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოსგან დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას 26 ოქტომბრიდან ითხოვს. რუსთავი 2-ის სარჩელამდე განაცხადი სასამართლოში უკვე შეტანილი ჰქონდა წისქვილ კომბინატს, TBC-მ კი ამავე მუხლის გაუქმება ორი დღის შემდეგ მოითხოვა.

ორივე კომპანიამ მოთხოვნა დაუყოვნებელი აღსრულების გაუქმების შესახებ უკან ერთი და იმავე დროს, 2 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამრთლოში რუსთავი2-ის სარჩელის გამწესრიგებელ სხდომამდე 15 წუთით ადრე, გაიტანა. სწორედ ამ სხდომაზე მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილება.

TBC ბანკისა და ფოთის მარცვლეულის კომბინატის კერძო დავაც კანონიერი მფლობელის ვინაობის დადგენას ეხება.

TBC ბანკს წისქვილ კომბინატის არაკანონიერი გზებით წართმევას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ედავება. კერძოდ კი ჩხარტიშვილი 2010 წლის 20 დეკემბერს TBC ბანკის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ აუქციონის შედეგად წისქვილ კომბინატის აქტივები შპს აგრიკომმა შეიძინა. წისქვილ კომბინატის მფლობელობაში დაბრუნების გარდა მოსარჩელე დაახლოებით 32 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს. ჩხარტიშვილის სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაც.

სწორედ ამის გამო მიმართა TBC ბანკმა საკონსტიტუციო სასამარლოს ამ ნორმის გაუქმების მოთხოვნით. იმ დღეს კი, როდესაც TBC-მ ეს მოთხოვნა უკან წაიღო, დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნაზე უარი თქვა მოსარჩელე ვანო ჩხარტიშვილმაც.

განმარტებების გაკეთებაზე, რატომ და ვისი ინტერესებისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება, დღეს ორივე მხარე უარს ამბობს.

არასამთავრობო სექტორის გარდა, უპასუხოდ რჩება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტების კითხვებიც.

TBC-ის იურისტებმა წერილით მიმართეს არასამთავრობო სექტორს, სადაც ისინი პროცესის მიმდინარეობის მანძილზე არსებულ პროცესუალური დარღვევების შესახებ იტყობინებიან. აღნიშნულ წერილში სხვა დარღვევებთან ერთად აღნიშნულია, რომ მოსამართლემ მოპასუხეების პროტესტის მიუხედავად მოსარჩელის მოწმეები საქმის მოსამზადებლად დანიშნულ პირველივე სხდომაზე მოპასუხეებისთვის წინასწარ შეუტყობინებლად დაკითხა. 

TBC-ის იურისტები წერილში ასევე მიუთითებენ ერთ-ერთ უმთავრეს პროცესუალურ დარღვევაზეც. კერძოდ, მათი თქმით, მოსამართლემ მოპასუხის მიერ შემოტანილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში არ გადააგზავნა, რაც მხარის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვაა. საქმის განხილვის დაწყებამდე მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ყადაღა დაადო შპს ეინკორნის ქონებას. ამასთან, ეინკორნის საჩივარი უზრუნველყოფის გაუქმებასთან დაკავშირებით სამი თვის დაგვიანებით გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გამოყენებული უზრუნველყოფა გააუქმა და შეცვალა გასხვისების აკრძალვით. 

 

 

 

კომენტარები