ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ევროპარლამენტის მომხსენებელი: საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღების შანსი აქვს

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეი მამიკინმა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-თან საუბარში თქვა, რომ საქართველოს 2016 წლის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მიღების შანსი ექნება.

"თითქმის 99%-ით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება", - ამბობს მამიკინი.

მამიკინის აზრით, ის, რომ გასულ წელს საქართველომ, მოლდოვისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, გარკვეულწილად უსამართლობა იყო. მისი აზრით, მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება რუმინული ლობის ძლიერი გავლენით იყო განპირობებული.

მამიკინმა აღნიშნა, რომ საქართველო კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციელების კუთხით, ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის ლიდერი ქვეყანაა.

"ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ამას სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური", - ამბობს მამიკინი.

ევროპარლამენტის მომხსენებლის აზრით, საქართველოს მზადება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად მოწონების ღირსია, შესაბამისად, მისი თქმით, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ,
სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაწესდება. უვიზო რეჟიმის მიღების პროცედურა კი საკმაოდ მარტივი იქნება.

"შესაძლოა, ევროპარლამენტში ჩატარდეს სიმბოლური კენჭისყრა, თუმცა, რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ დეპუტატების უმრავლესობა უვიზო რეჟიმს მხარს დაუჭერს. მთავარი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ერთი წლის წინ მიიღო, როდესაც საქართველოს ასოცირებულ წევრობას დაუჭირა მხარი. სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მისაღები გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათის იქნება", - თქვა მამიკინმა.

მამიკინის აზრით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირი 2016 წელს უვიზო რეჟიმს უკრაინასთან და თურქეთთან არ დააწესებს.

კომენტარები