რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში R2-ის სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, შპს ტელეკომპანია საქართველოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად. საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი.

მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

"მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, ისე რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. საქმის განხილვაში მონაწილეობენ მოსარჩელის, შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი და მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

კომენტარები