რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: პროცესების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება

პროცესები ქვეყანაში გამწვავდა ბოლო დღეების განმავლობაში და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსთავი 2-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე, რომ დაეცვა გამოხატვის, ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების თავისუფლება. საქართველოს მთავრობამ სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა რუსთავი 2. მათ გაგვხადეს იძულებული, ვეძებოთ კონსტიტუციით გარანტირებული გზები საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლებები, მიუხედავად ამ იძულებისა და იმ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვამყოფებს, უწყვეტი შანტაჟის, ზეწოლის და ათასგვარი ცილისწამების ქვეშ. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულებები, თუ როგორი უნდა იყოს რუსთავი 2-ის ქმედებები, ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ჩვენი გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი - თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ეს არის ჩვენი ინტერესი. რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება, ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები