საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა. პრემიერის თქმით, უსაფრთხოების სამსახურებთან ოპერატიული თათბირი ჰქონდა და "ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ". მისი შეფასებით, ენმ-მ ჯერაც ვერ გააცნობიერა, "რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია". პრემიერის განცხადებით, "ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა".
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "პირები, რომლებსაც ოდესღავ ჩვენი ქვეყნის ბედი ებარა, ცინიზმს და გულგრილობას იჩენენ". მისი შეფასებით, ჩანაწერების შინაარსი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, "თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის მიმართ".
"ეს არის ის ხალხი, ვინც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის იმედს და სხვებს. ვინც ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, და ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მინდა, მივმართო ყველას, ჩვენს მოსახლეობას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, უნდა შევცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. არ უნდა დავუშვათ არავითარი არეულობა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე. ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დასაცავად, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, "მე მესმის ეს [ენმ-ის მიმართ] აღშფოთება, რადგან მეც მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას გვმართებს თავშეკავება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, საქართველოშიც და საზღვარგარეთ - თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს საშუალება, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უპირობოდ მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება რუსთავი ორთან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია. მათ, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად - კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, თითოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის", - თქვა პრემიერმინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებსაც მიმართა: "კარგად დაფიქრდით, არ მოხდეს თქვენი გამოყენება პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ უნებურად თანამონაწილენი ამ პროვოკაციის, ამ შესაძლო შეთქმულების. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობს ან გეგმავს რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს ვერ დაპირისპიდებიან საქართველოს მოქალაქეებს და ვერცერთი დღეს საქართველოში ვერ დაგეგმავს ვერანაირ პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. მინდა, ყველას შევახსენო ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, დავდგეთ ამ პროვოკაციებზე, ამ სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი".





