რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შენობასთან 13 სათვალთვალო კამერების დამაგრებასთან დაკავშირებით შსს-სა და სუს-ისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს. როგორც გვარამია ამბობს, არცერთ უწყებას ტელეარხისთვის არანაირი დოკუმენტით არ მიუმართავს და კამერების დამონტაჟების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბრიფინგის საშუალებით შეიტყეს. როგორც გვარამია ამბობს, ჩნდება ეჭვი, რომ თვალთვალი ტელეკომპანიის წინააღმდეგაა მიმართული - "ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხად და შესაძლებელია, მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად".
"გვინდა, მივმართოთ ხელისუფლებას, კერძოდ, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ იმასთან დაკავშირებით, რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთვალო კამერა. გარდა იმისა, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროებაა.
ყველას შევახსენებ, ეს არის მედიადაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომლებიც კონფიდენციალობას საჭიროებს. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა იყოს კრიტიკული ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აღემატება მედიის თავისუფალი მუშაობის ინტერესს. ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ.
ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხად და შესაძლებელია მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად. ამიტომ, მოვუწოდებ ორივე სამსახურს, თუნდაც არასაჯარო ვითარებაში მოხდეს ახსნა-განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენი მედიისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ აქ მოსვლა არის პრობლემა, მზად ვართ, რომ ნებისმიერ დათქმულ დროსა და ადგილას გამოვცხადდეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჟურნალისტები. მოვისმინოთ არგუმენტები, რომელიც დაასაბუთებდა აქ განხორციელებულ ქმედებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებას და კომპეტენტური ორგანოების მხრიდან არალეგიტიმურ საქციელს, რომელიც მიმართულია ჩვენი მედიის წინააღმდეგ", - ამბობს გვარამია.
ამასთან, ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეახსენებს, რომ როდესაც მედიასთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა, მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, შეხვდეს მხარეებს და მოისმინოს ახსნა-განმარტებები. "ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება მაღალია", - აღნიშნავს გვარამია.
გვარამია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგანაც საკითხის სრული იგნორირება ხდება. "ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ეს ჩვენი ხელისუფლებაც არის", - ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამია თანამდებობის პირებს მოუწოდებს, "შემოვიდეს დიალოგში, მოგვცეს საჭირო ახსნა-განმარტებები და მოისმინოს კოლექტივის პოზიცია".





