რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სასწორზე არ დევს უბრალო სამოქალაქო დავა, სასწორზე დევს დემოკრატია

უპირველესი და მთავარი მოთხოვნა არის მოსამართლის აცილება. იმიტომ, რომ საქმეს იხილავს მოსამართლე ურთმელიძე, რომელიც არ არის ჩვენთვის მოსამართლე, რომელიც არის მხარე, წარმოადგენს არა ქიბარ ხალვაშს ამ შემთხვევაში, თუმცა მის სასარგებლოდ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაშიც ამ პროცესში არის სახელმწიფო. და არცერთ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული ამ მოსამართლის მიერ, რუსთავი 2-ისთვის ეს გადაწყვეტილება აპირორი არის უსამართლო და უკანონო. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო კონვენციის ტესტით - თუ მხარე აპრიორი არ ენდობა მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებას, მან ეს საქმე უნდა აიცილოს. ამიტომ მოვითხოვთ, მოსამართლე ურთმელიძე წავიდეს სახლში ამ საქმიდან. სხვა ვითარებაშიც და სხვა საქმეებიდანაც უნდა წავიდეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და სადისციპლინო საბჭოსი. მაგრამ ამ საქმიდან უნდა წავიდეს სახლში და საქმე განიხილოს სხვა, მიუკერძოებელმა მოსამართლემ. საუკეთესო შემთხვევაში, საქმე უნდა განიხილოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომ ეს კოლეგია იყოს ნაკლებად მოწყვლადი. სასწორზე არ არის უბრალო სამოქალაქო დავა, სასწორზე არ დგას - ვინ იქნებიან მფლობელები რუსთავი ორის, როგორც რომელიღაც რიგითი კომპანიის, სასწორზე დევს ქართული დემოკრატია, მედიის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, შეიძლება ითქვას, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ის არ უნდა გადაწყვიტოს ერთმა, მით უმეტეს, მიკერძოებულმა მოსამართლემ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო სხდომის დაწყებამდე. ცნობისთვის, ტელეკომპანიის იურისტმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა უკვე დააყენა.

კომენტარები