საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, რეზერვების ხარჯვისგან თავის შეკავება არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, რადგან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრის მონაწილეებისთვის, რომ სხვა თანაბარ პირობები კურის არის თავის მაქსიმუმზე. ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეზერვების ხარჯვის შეფასებისას გააკეთა.
"ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება, მაგრამ ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები კიდევ ერთხელ არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა გატარდეს როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მთავრობის" - განაცხადა ქადაგიძემ.
ჟურნალისტების კითხვას იძლევა თუ არა ბაზრის რეაქცია ხელახალი ინტერვენციის საფუძველს, გიორგი ქადაგიძე პასუხობს, რომ ჯანსაღი პოლიტიკის შემთხვევაში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მოსალოდნელია.
"მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი და თანმიმდევრული პოლიტიკა და გვექნება ეკონომიკური ზრდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსი პირველ ეტაპზე იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში" - აღნიშნა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა, ერთი დღით ადრე კი სავალუტო ბაზარზე $40-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა, საიდანაც $27 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს.





