ქონების დაბრუნება

პროკურატურა: 2012-მდე იძულებით ჩამორთმეული მანქანები მფლობელებს დაუბრუნდებათ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლამდე უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ. უწყების ცნობით, დადასტურდა ქონების იძულებით ჩამორთმევის 3 ფაქტი, რომელშიც მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ამხილა.

პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 2010 წლის 11 ივნისს ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს შ.პ.ს "Mate Motors" ის დამფუძნებელი გელა ბარკალია, რომელიც, უწყების ცნობით, აიძულეს საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ შ.პ.ს "ტოიოტა ცენტრი თბილისი"-სგან 443223 ლარის ღირებულების "TOYOTA HILUX"-ის მარკის ავტომანქანა ეყიდა და ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილმა გელა ბარკალაიასთან დაახლობულ ორ პიროვნებაზე გააფორმა მანქანები, რითიც დაიმალა სახელმწიფოსთვის მანქანების ჩუქების ფაქტი. გელა ბარკალაიასა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის შედეგადაც ბრალდებულს დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმა.უწყების ინფორმაციით, არც საპროცესო შეთანხმებაში და არც სასამართლო განაჩენში მანქანების უსასყიდლოდ გადაცემა არ ასახულა.

პროკურატურის ცნობით, 2010 წლის დეკემბერში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრებზე მოხდა ზეწოლა შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ "Mercedes benz E320", რის შემდეგაც რევაზ ფერაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაეკისრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 4000 ლარი.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, 2010 წლის 9 თებერვალს თაღლითობისათვის ბრალდებულ გივი ღუჭაშვილს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირმა გადასცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა, რომელშიც ღუჭაშვილს აიძულებდა კუთვნილი „Nissan Murano" თავდაცვის სამინისტროსათვის ეჩუქებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ. უწყების ცნობით, მოგვიანებით მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარი. პროკურატურის განცხადებით, ღუშაშვილის უკანონოდ ჩამორთმეული მანქანით სარგებლობდნენ სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები.

"გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი, მხილებული 15 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილია 21 პირი, რომელთაც დაუბრუნდათ და ამჟამად დაბრუნების პროცესშია 26 ა/მანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში შეადგენს დაახლოებით 1 939 000 ლარს",- ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მხილებული პირების წინააღმდეგ პროკურატურას სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

კომენტარები