რეკლამა

პაატა რატიანი: რატომ მიდიან სამკურნალოდ უცხოეთში

ყოველი ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრების მაღალი ხარისხისაკენ ისწრაფვის, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მასზე ზრუნვის კულტურა და თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების ცოდნა - სიცოცხლის ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია.მედიცინა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია პროფილაქტიკური და გეგმიური გამოკვლევების, დაავადებათა პრევენციისა და მათი მართვის ეფექტური საშუალებების გარეშე.

თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც დასჭირვებია მიემართა ექიმისათვის - კონსულტაციის, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით. საერთაშორისო ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად კი ბევრი საქართველოს მოქალაქე მზადაა საზღვარგარეთ გაემგზავროს.საქართველოში, სამწუხაროდ, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის, მედიკამენტების მოხმარების, კოლეგა მედიკოსების თანამშრომლობის, პროფესიული ეთიკისა და სხვა მსგავს საკითხთა კულტურა სერიოზულ პრობლემებს განიცდის. პაციენტები ხშირად არ მიმართავენ ექიმებს დროულად, ადგილი აქვს თვითმკურნალობას, წამლების უსისტემო მოხმარებას. დამკვიდრებული მავნე პრაქტიკაა სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარული პირადი სიმპათია/ანტიპათიების თუ ახლობლებში ყურმოკრული ჭორების მიხედვით. ექიმები ხშირად  ერთმანეთთან კოორდინაციაში არ არიან. ეს იწვევს არაორგანიზებულობას, არათანმიმდევრულ მკურნალობას და საბოლოო ჯამში კი სამედიცინო მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან დაწევას.

ზოგადად, ბევრი არაა იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელთაც ძალუძთ გამართული და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებით დაიკვეხნონ. ობიექტურები ვიყოთ და ავღნიშნოთ, რომ თანამედროვე და ძლიერი სამედიცინო სკოლები, კლინიკები და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და მისი მიღწევა ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებში წარმოუდგენელი ამოცანაა. შესაბამისად, მზარდია ქვეყნებს შორის სამედიცინო მომსახურების პარამეტრების დისბალანსი. ეს, თავის მხრივ, ჯანდაცვის გლობალიზაციის პირობებში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის დიდი ტემპებით განვითარებას იწვევს.

მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება გამოვყოთ 5 ძირითადი მიზეზი, რაც პაციენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას განაპირობებს:

1.  ფასი (თითქმის ყოველთვის მოიძებნება საჭირო პროცედურა სადმე უფრო იაფად);

2. სერვისი (სპეციალურად მათთვის შექმნილი კომფორტული გარემო იზიდავს უცხოელ პაციენტებს);

3. სამედიცინო მომსახურების ხარისხი (უფრო მაღალი დონის სამედიცინო პროცედურები - ქართველი პაციენტებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია);

4. ხელმისაწვდომობა  (ისეთი მომსახურების სახეების არსებობა, რაც პაციენტებს თავიანთ სამშობლოში არ გააჩნიათ);

5. ტურიზმი (მოგზაურობისა და მკურნალობის შეთავსება).

 ამ ფაქტორებიდან ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების უკეთესი ხარისხი და ასევე, ისეთი მომსახურების სახეების არსებობაა, რაც საქართველოში ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ხორციელდება. ჩვენთვის ყველა სხვა ფაქტორი ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია. თუმცა არსებობენ ქვეყნები, სადაც სწორედ ეს სხვა ფაქტორები წარმოადგენენ სამედიცინო ტურიზმის ძირითად განმაპირობებელ მიზეზებს. მაგალითად, ამერიკელი პაციენტები იტარებენ ქირურგიულ ოპერაციებს კოსტა-რიკაში მათი მნიშვნელოვანი სიიაფის გამო, გერმანელები სტუმრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დენტალურ კლინიკებს (იმავე მიზეზით), ნორვეგიელები მოგზაურობენ თურქეთში კომფორტული სერვისისათვის (მათთან ხშირია რიგები რიგ სამედიცინო პროცედურებზე) და ა.შ.

სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი გლობალიზაციამ. გამარტივებული გადაადგილება ხელმისაწვდომს ხდის ადამიანებისათვის მოგზაურობას. გაიაფდა ავიაგადამყვანი კომპანიების მომსახურება - ბევრია ე.წ. Low Cost ავიაკომპანიები. ფრენების სიხშირე იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად შეარჩიონ ბილეთები არა მხოლოდ ფასის, არამედ დროისა და მარშრუტის მიხედვითად. მრავალი მიმართულებით საზღვრების გადაკვეთა გაიოლებულია ან სულაც უვიზოა. ვიზების შემთხვევებშიც პაციენტები სარგებლობენ ცალკე, დაჩქარებული და შედარებით მარტივი პროცედურით.

სამედიცინო ტურიზმი არ არის ახალი ფენომენი. ადამიანები უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ცნობილი იყო ადგილები, სადაც ამა თუ იმ დაავადებას მკურნალობდნენ: იქნებოდა ეს სახელგანთქმული მკურნალები თუ ბუნებრივი გამაჯანსაღებელი წყაროები. არქეოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში უძველესი მესოპოტამიელები მოგზაურობდნენ სირიაში ქალაქ თელ ბრაკში მკურნალობის ღმერთების ტაძარში თვალის დაავადებათა მოსარჩენად. რამოდენიმე ათასი წლის შემდგომ ძველი ბერძნები და რომაელები იმოგზაურებენ ხან ფეხით, ხანაც გემებით მთელს ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე პირველყოფილ სპა ცენტრებში. ე.წ. ასკლეპიის ტაძრები, რომლების აშენდა ბერძნული მედიცინის ღმერთის საპატივცემულოდ, წარმოადგენდნენ მსოფლიოს პირველ სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც არაერთი პილიგრიმი სტუმრობდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ასკლეპია გამოეცხადებოდათ სიზმრებში და მკურნალობას დაუნიშნავდათ.

თანამედროვე სამედიცინო ტურიზმი რა თქმა უნდა განსხვავებულია. მისი დეფინიცია ასეთია: ეს არის პროცესი, რომლის დროსაც პაციენტები მიემგზავრებიან სხვა დანიშნულების ადგილებში სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. არსებობს ლოკალური, რეგიონალური და გლობალური სამედიცინო ტურიზმის ტიპები. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები იღებენ მომსახურებას დისტანციურად ტელემედიცინის მეშვეობით და ესეც სამედიცინო ტურიზმის სახეობაა. არსებობს საგანმანათლებლო სამედიცინო ტურიზმი, როდესაც სამედიცინო პერსონალი მოგზაურობს კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკისა და სხვა მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სწორი დამოკიდებულება სამედიცინო ტურიზმის მიმართ. მომავალში მოსალოდნელია ქართველი პაციენტების უცხოეთში ნაკადების კიდევ უფრო მომატება. მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, ეს ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცევა. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა განავითაროს საკუთარი სერვისები უცხოელი პაციენტების მოსაზიდად, ისევე როგორც პაციენტთა რეგიონალურ ჰაბად იქცეს  კავკასიის მასშტაბით. სამედიცინო ტურიზმი - ეს არის ახალი შესაძლებლობები და არა საფრთხე, რაც სწორად უნდა იქნას აღქმული. ის ჩვენი ჯანდაცვის ეკონომიკის ზრდის ყველაზე სერიოზული განმაპირობებელი შეიძლება იყოს.

 

კომენტარები