საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს სხდომაზე მცოცავ ანექსიაზე რეზოლუციას წარადგენს

კონფლიქტის ზონაში მომხდარ ფაქტებსა და მცოცავ ანექსიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ინიციატივით მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალური რეზოლუცია მოამზადა, რომელსაც ბიუროს სხდომაზე წარადგენს. ენმ-ის განცხადებით, რეზოლუციაში საუბარია იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს ორჭოსანში შექმნილ ვითარებას. ასევე მასში შესულია რეკომენდაციები მთავრობის მისამართით.

"მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში, როდესაც გამოხატულია მცოცავი ოკუპაცია და რუსეთი ძალიან ცინიკურად და ჩამოყალიბებული სტრატეგიით მოქმედებს, ის, რაც პარლამენტში უნდა გაკეთდეს, ის, რაც პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ არის მკაცრი, პრინციპული პოზიციის გამოხატვა. ეს უნდა მოხდეს პარლამენტში რეზოლუციით. ჩვენ გვაქვს მზად რეზოლუციის ტექსტი, სადაც სწორედ ეს პრინციპები და შეშფოთებაა გამოხატული", - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე:

"1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის შემდგომ გადმოტანას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში;
2. ვინაიდან 10-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა ბაქო- სუფსის მილსადენის 1 800 მეტრიანი მონაკვეთი და პოტენციური საფრთხე შეექმნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს;
3. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს 1991 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებასდა უკანასკნელ ხანს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებს;
4. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას და რუსეთის ე.წ. „გავლენის სფეროში“ მოქცევას;
5. ვინაიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: 

გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის მორიგ გადმოწევას.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1. მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მათ შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების გზით;
2. მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა;
3. მიმართოს ყველა ზომას რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია , ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია;
4. რეგულარულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვაბერკეტები;
5.აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი;
6. გააუქმოს აბაშიძე-კარასინი სფორმატი და მოახდინოს ყურადღების მთელი კონცენტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებები სჟენევის ფორმატზე სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ;
7.აამუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული;
8.საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით გააქტიუროს საერთაშორისო მედიასთან მუშაობა;
9. გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების და მისი კოორდინირებულად განხორციელების მიზნით", - წერია რეზოლუციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები