თეორემა

თბილისი სტიქიის, მტაცებლების და უნიათობის პირისპირ

ზოგი ჭირი მარგებელია, ასეთი იყო ივანიშვილის პირველი გამოხმაურება თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე. როგორც გაირკვა, იმ ბრძენ კაცს არასდროს მოსწონდა ზოოპარკის მდებარეობა, მაგრამ მანამ, სანამ კატასტროფა არ მოხდა, გადატანის გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკს თბილიის ზღვის მიმდებარე ტერიტორია 2012 წელს გადაეცა.

საგულისხმოა ისიც, რომ ზოოპარკის ამჟამინდელი დირექტორის, ზურაბ გურიელიძის წინამორბედს ივანიშვილისთვის დასახმარებლად მიუმართავს, მაგრამ მან უარი თქვა დახმარებაზე, თუ ზოოპარკის ფინანსებზე კონტროლი მას არ ექნებოდა. რომ დავაზუსტო - ივანიშვილი არა მხოლოდ მის მიერ გაცემული დახმარების ხარჯვის კონტროლს, არამედ ზოოპარკის მიერ მიღებული მთელი დაფინანსების, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების კონტროლსაც ითხოვდა, რის გამოც მოლაპარაკება ვერ შედგა.

ივანიშვილის თქმით "მარგებელ ჭირს", გუშინ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა, დასუფთავების თანამშრომელი ოთარ ცუხიშვილი. ის ზოოპარკის ტერიტორიიდან გასულმა ვეფხვმა დაგლიჯა, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება გვამშვიდებდა, რომ მტაცებელი ცხოველებისგან მომდინარე საფრთხე მოხსნილი იყო.

ქართულმა ოცნებამ, როგორც ჩვევია საზოგადოების სამართლიანი რისხვის პასუხად განტვების ვაცის ძებნა დაიწყო და ჩათვალა რომ იპოვა კიდეც, ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის სახით, რომელიც წესიერი ადამიანია და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას არ გაექცა.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მალევე მოუწიათ ზოოპარკის დირექტორისკენ გაშვერილი თითის მოკაკვა. კანცელარიასთან სპონტანური აქცია ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა, მათ შორის იმ მოხალისეებმა, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში, ხელისუფლების უმსგავსობა მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს.

კანონით მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. სტიქიის ზონაზე პასუხისმგებლობა - საგანგებო შტაბს, რომლსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. მოქალაქეთა ცხოველებისგან დაცვაზე კი - მერიას დაქვემდებარებულ ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს.

თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ არ უკვირთ, ამ მთავრობის წევრები პასუხისმგებლობას რომ ზოოპარკის დირექტორს აკისრებენ, რადგად თავად სოლოლაკის გორაზე მდებარე ზოოპარკის დირექტორის წინაშე არიან პასუხისმგებლები.

ვის ეკისრება მტაცებელს შეწირული მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა - ეს არის თეორემას ერთერთი თემა.

სტიქიისა და მტაცებლებისგან დაზარალებულ მოსახლეობას, ახლა კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება - ვარაუდობენ, რომ სტიქიის ზონა შესაძლოა ეპიდემიის გავრცელების კერად იქცეს. რა ზომები უნდა გატარდეს ეპიდემიისგან თავის დასაცავად - გადაცემაში ამ კითხვაზე პასუხის მიღებასაც შევეცდებით.

ამასთან - კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წყალდიდობის მთავარ მიზეზად არა მეწყერს, არამედ თავსხმა წვიმას ასახელებს.

კვლევის მიხედვით სვანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია 50-იან წლებში აშენებული ვაკე საბურთალოს გზის გვირაბმა გამოიწვია. ხოლო ზოოპარკი 30-იან წლებში აშენებული გმირთა მოედნის გვირაბის გამო განადგურდა.

კვლევის ავტორები საუბრობენ იმაზეც, რომ ახალი გზის დაპროექტებისას, მხედველობაში რომ მიეღოთ 1961 წელს მომხდარი წყალდიდობა, გზის გარკვეულ მონაკვეთებს ხიმინჯებზე შეაყენებდნენ, რაც გზას ნაკლებად დააზიანებდა.

თეორემაში, კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის კვლევასაც მიმოვიხილავთ.

კომენტარები