სავალდებულო სამხედრო სამსახური

ჯაფარიძე: სავალდებულო სამხედრო სამსახური მყისიერად უნდა გაუქმდეს

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინადადებით გამოდის. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალტექნოლოგიურ იარაღს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, "არაპროფესიულ არმიას" არ შეუძლია, რაიმენაირად გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯაფარიძის თქმითვე, სახელმწიფო ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, იყენებს როგორც უფასო მუშახელს - იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვა ან მათ შრომას იყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 

"საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს ახალგაზრდების გაწვევა ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სახელმწიფო, ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას აიძულებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი (ამჟამად ეს არის 1 წელი) დახარჯოს ისე, როგორც ამას სახელმწიფო ბიუროკრატია გადაწყვეტს. ამ პროცესის შეფუთვა ხდება ისე, თითქოს ეს იყოს მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, თუმცა ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხადია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. აღნიშნული სისტემა, რომელზეც უკვე უარი თქვა ცივილიზებული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საქართველოში იქცა კორუფციისა და გაჭირვებული ოჯახებისგან გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ფულის გამოძალვის წყაროდ. ამავე დროს, ფაქტია, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობით არიან მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სურვილით იმსახურონ პროფესიულ არმიაში და წარმატებული სამხედრო კარიერაც გაიკეთონ. ამ ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, სახელმწიფო იყენებს როგორც უფასო მუშახელს და თან ისე, რომ მათ ჯართან კავშირი საერთოდ არ აქვთ - იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვაში დგომა ან მათ შრომას იყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ისინი, ვინც ვალდებულნი არიან, 1 წლით მოწყდნენ თავიანთ საქმეს და, სურვილის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმონ შეიარაღებულ ნაწილში მსახურს, ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. ამ სისტემაზე დახარჯული პირდაპირი თუ ირიბი ხარჯი არის არამიზნობრივი ხარჯი და, რეალურად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გაცილებით ეფექტური იქნება ამ ხარჯის პროფესიული არმიისკენ გადამისამართება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გამოიწვევს ბიუროკრატიური ხარჯების შემცირებას და არაპროფესიული არმიის შესანახად გამოყოფილი ფინანსური რესურსის უფრო მიზნობრივად ხარჯვის შედეგად, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

"ამ სისტემის გაუქმებას არ სჭირდება არც 4 წელი, როგორც ეს დააანონსა ქართულმა ოცნებამ 2012 წლის შემოდგომაზე და არც 4 თვე. ეს შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს მყისიერად", - თქვა ჯაფარიძემ. 

 

კომენტარები