სტიქია თბილისში

მთავრობის კანცელარიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

radiotavisupleba.ge

მთავრობის კანცელარიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის გზებს და მიმდინარე სამუშაოებს განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სვანიძის ქუჩიდან მოხალისეების გაყვანის თაობაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.გომელაურის თქმით, სვანიძის ქუჩაზე მთის მცირედი ჩამოშლა მოხდა, რის გამოც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

"ბაგებში პატარა ცვენა იყო ქვების, მთა ჩამოწვაო, ასეთი ინფორმაცია შემოვიდა. აქედან გამომდინარე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ამ დროისთვის თითქმის გაყვანილი იყვნენ მუშები. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება, როგორც ჩემთვის ცნობილია", - განაცხადა გომელაურმა.

საგანგებო შტაბის დაწყებამდე ეპიდემიის საშიშროება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, კიდევ ერთხელ გამორიცხა.

"ვადასტურებ, რომ ეპიდემიის რისკი დღევანდელი მდგომარეობით არ არის. სიფრთხილის ზომები მისაღებია, იმიტომ, რომ რაც უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვთ შეხება მოხალისეებს- ვგულისხმობ ძალიან საამაყო, ენთუზიასტ, მაგრამ ამ საქმისთვის ნაკლებად მომზადებულ ადამიანებს, მით უფრო მაღალია ნიადაგიდან ინფექციის, კერძოდ კი ტეტანუსის მიღების რისკი. გარდა ამისა, აქ არის სამუშაო ადგილების უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ეხება ნაშალი მასალის გადაზიდვას. შესაბამისად, რაიმე ცალსახად მყისიერი აკრძალვა არ მოიაზრება, თუმცა ხვალიდან მოხალისეების გადანაწილება მოხდება", - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები