სტიქია თბილისში

გომელაური: ვერეს ხეობის დატბორვის მიზეზებს პროკურატურა სწავლობს

ვახტანგ გომელაური
ტაბულა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს. 
ვახტანგ გომელაურმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან ერთად ვაკე-საბურთალოს გზის მონაკვეთი დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო ასევე მიმდინარე სამუშაოებს. მინისტრის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება. 

"შემიძლია გითხრათ ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და განცხადებასაც ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ თუ რამდენად დარღვევითაა გაკეთებული შენობები და პანდუსები, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. როდესაც ადამიანი იღუპება, მნიშვნელობა არ აქვს, რაიმე არასწორად იყო აშენებული თუ უბრალოდ გარდაცვლილს ვპოულობთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება. რა მუხლით არის საქმე აღძრული, ამაზე პროკურატურა გაგცემთ პასუხს", - განაცხადა შს მინისტრმა.
 
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვრის შემდეგ 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს, აქედან იდენტიფიცირებულია 17. დაკარგულად ითვლება ექვსი ადამიანი. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. 
 

კომენტარები