ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტს შესაძლოა ვეტო დაადოს

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა ვეტო დაადოს, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. არათუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

აბაშვილის განაცხადებით, ეს ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება და საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით, განსაკუთრებით კი, ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე.

"საქართველოს პარლამენტი იწყებს იმ ახალი ცვლილებების განხილვას, რომელიც შეეხება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გამოთქმულ პოზიციასთან. აღნიშნული ცვლილებები ასევე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნესასოციაციების, კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების ძირითადი ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს საბანკო ზედამხედველობის დარჩენას ზოგადად ეროვნული ბანკების შემადგენლობაში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებების უგულებელყოფა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. აბაშიშვილის განცხადებით, საჭიროა რეალური კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. პრეზიდენტი მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - EBRD-ისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკვე გამოთქმულ ინიციატივას აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე.

"უფრო მეტიც, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ვინაიდან ამას ჩვენ გვავალდებულებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, ის რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი. კერძოდ, ასოცირების დღის წესრიგში ძალიან ნათლად არის აღნიშნული, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და არა შესუსტდეს, ასევე საბანკო ზედამხედველობის შესახებ საუბრისას პირდაპირაა ხაზგასმული, რომ ცვლილებები ამ პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით და, განსაკუთრებით, ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ დოკუმენტს ყურადღება მიექცეს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები