მართლმსაჯულების რეფორმა

მართლმსაჯულების რეფორმა - მოსამართლეები დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

დღეს მართლმსაჯულების სახლში, მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმირებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განიხილეს. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინიტრის მოადგილე და სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ. დარბაზში დღეს ხმაური კანონში დაგეგმილმა რამდენიმე ცვლილებამ გამოიწვია. მოსამართლეების დიდი ნაწილი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებასა და სასამართლოს თავმჯდომარეების ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის დაკანონებას ეწინააღმდეგებოდა. ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება უზენაესი სასამართლოს ინიციატივაა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარეების უმრავლესობა ვერ ახერხებს ერთმანეთს მოსამართლის პროფესიული საქმიანობა და მენეჯერული საქმე შეუთავსოს, რის გამოც ზოგიერთ მათგანს ათი წლის განმავლობაში ერთი საქმეც კი არ განუხილავს. გვენეტაძემ დღეს ყურადღება ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა რეალური გარემოების შესწავლიდან გამომდინარე გახდა საჭირო. უზენაესი სასამართლოს ინიციატივით, მოსამართლეების საქმიანობას ინსპექტორი დააკვირდება, რომელსაც მოსამართლეებმა მოთხოვნის შემთხვევაში ახსნა-განმარტება უნდა ჩააბარონ, რაც სავალდებულო იქნება.

"არის გარკვეული კატეგორია თავმჯდომარეებისა, რომელთაც თავიანთი ათწლიანი უფლებამოსილების ვადაში არცერთი საქმე არ განუხილავთ სასამართლოში. მოსამართლის მთავარი დანიშნულება არის პროფესიული საქმიანობის გაბნხორციელება და გვყავს თავმჯდომარეები, რომელთაც არცერთი საქმე არ განუხილავთ თავიანთი ათწლიანი მოღვაწეობის ფარგლებში. კითხვის ნიშნები არსებობს, პასუხები უნდა ამ საკითხებს. მათი განმარტებაა, რომ რადგან არიან მსხვილი სასამართლოების თავმჯდომარეები, მათ მენეჯერული ფუნქციების დიდი ტვირთის გამო, არ აქვთ სურვილი და ვერ შეძლებენ საქმეთა განხილვას. თუმცა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსამართლის ფუნქცია არის სამართალწარმოების განხორციელება. დისციპლინური წარმოების ეფექტურობის გაზრდის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსით ასარჩევი კანდიდატურა იქნება ინსპექტორი, რომელიც უფრო ეფექტურ მექანიზმს შექმნის დისციპლინური სამართალწარმოების მომზადებისათვის. გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - თქვა გვენეტაძემ.

დღეს განხილვაზე დამსწრე მოსამართლეების თქმით, მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის დაკანონება არასასურველი მოსამართლეების ჩამოცილებას და მათი ხელისუფლებისათვის უფრო მისაღები მოსამართლეებით ჩანაცვლებას ემსახურება. მოსამართლეები ინსპექტორის ინსტიტუტი შემოღებასაც ეწინააღმდეგებიან. ისინი ინსპექტორის არჩევის წესსა და კრიტერიუმებსაც აპროტესტებენ.

"წარმოდგენილი ცვლილებები აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ეს ცვლილება პირდაპირ ემსახურება იმას, რომ მოედნიდან გავიდნენ არასასურველი პიროვნებები, პერსონალიები, რომელიც, ჩემი აზრით, ალბათ, ხელს უშლის ახალ მენეჯმენტს, განახორციელოს მისთვის სასურველი საქმიანობა. წლების განმავლობაში ვიყავი სასამართლოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივანი ვიყავი, თავისთავად ცხადია, ნებისმიერი მაღალი რანგის თანამდებობის პირს სათანამშრომლოდ და კომუნიკაციისთვის უფრო მეტად ეკომფორტულება ის ადამიანები, ვინც მის გემოვნებაშ უფრო მეტად ჯდება", - ამბობს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. 

ქუთაისის სასამართლოს პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით კი, "ეს ემსახურება იმას, რომ, ჩვენი აზრით, დღეს მოქმედი თავმჯდომარეები მიუღებელია პოლიტიკური ხელისუფლებისთვის და ცდილობენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებები, რომ ამგვარი კანონების მიღებით ეს ადამიანები ჩამოაშოროს სასამართლო ხელისუფლებას და ალბათ იმედი აქვს, რომ მათტვის სასურველი კანდიდატურების არჩევით შეეცდებიან, მოიპოვონ კონტროლი."

დაგეგმილს ცვლილებებს ეწინააღმდეგება იუსტიციის საბჭოს მდივანიც. ლევან მურუსიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან მოდის წინააღმდეგობაში. მურუსიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ უზენაესი სასამართლოს ინიციატივაა.

"რაც შეეხება ვადაზე ადრე თავმჯდომარეების უფლებამოსილების შეწყვეტას, ვენეციის დასკვნაა, რომ ეს არ გააკეთონ; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ; შესაბამისად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები იძახიან, რომ ეს არ გავაკეთოთ. ეს არ წაადგება მართლმსაჯულების განვითარებას, ვდგავართ ძალიან კარგ გზაზე, გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს არის ეტაპი, მივაღწიოთ დამოუკიდებელ, ძლიერ მართლმსაჯულებას. რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტრს, ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის. როგორ შეიძლება ამ ინსტიტუტის შემოღება. ეს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტში არ არის. უზენასი სასამართლოდან წამოვიდა ეს ინიციატივა და ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება მოსამართლის დევნა განახორციელოს, შეიძლება, იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პირი შემოვიტანოთ, ვისაც 5-წლიანი იურიდიული განათლება ექნება, ვისაც ექნება უფლება, ჩამოართვას ახსნა-განმარტება მოსამართლეებს, ანგარიში მოთხოვოს რაღაც საქმესთან დაკვშირებით ისეთ თემებზეც კი, რაზეც საჩივარი შემოტანილი არ არის, ეს არის ძალიან უკან დახევა. ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმ ტენდენციას, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში მართლმსაჯულების გაძლიერების კუთხით. მე, როგორც იუსტიციის საბჭოს უმაღლესი მდივანი, ამას კატეგორიულად შევეწინააღმდეგები", - თქვა მურუსიძემ.

დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. გიორგი კანდელაკის თქმით, მსგავსი ცვლილებებით, ხელისუფლებას სასამართლოზე კონტროლის მოპოვება სურს.

"იმ ფონზე, როდესაც თვალშისაცემი არის ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური, დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნავდეს, ხელისუფლებას უნდა, რომ შემოიტანოს დამატებითი ახალი ინსტრუმენტი სასამართლო ხელისუფლების მთლიანად დასამონებლად, კონტროლში მოსაქცევად, იმისათვის, რათა შეუფერხებლად განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც ზიანის გარდა საქართველოსთვის არაფერი არ მოაქვს", - ამბობს კანდელაკი.

ინსპექტორის ინსტიტურის შემოღებასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რაც შეეხება თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის დაკანონებას, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ამბობენ, რომ მსგავსი ცვლილება მართლმსაჯულების სისტემაში არასტაბილურობის განცდას გააჩენს, რაც მისასალმებელი არაა.

"ჩვენ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვიცით, რა დონეზე და რა დოზით ჩაერევა ინსპექტორის ინსტიტუტი და ეს რგოლი მოსამართლეების საქმიანობაში. რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება ამ მიმართულებით იმიტომ, რომ არსებობს სპეციალური დეპარტამენტი. დამატებით რა უნდა გააკეთოს ინსპექტორმა, ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის. კარგია, რომ ღიაა ეს პროცესი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შესაძლებელია საუბარი ამ თემებზე. ასეთი მიდგომა, როდესაც ახალი კანონით იცვლება ძველი კანონის წესი, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირს აქვს კონკრეტული უფლებამოსილება და მას ხელოვნურად კანონი უწყვეტს, არსად არ არის მისასალმებელი", - თქვა გია გვილავამ.

კანონპროექტის მიხედვით, თავმჯდომარეების არჩევის წესიც იცვლება. ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები აირჩევენ.

კომენტარები