განათლების სამინისტრო

მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა

"გთხოვთ, შემიშვათ სკოლაში", "ნუ დამტოვებთ ბაღში 8 დღის გამო", - ამ სლოგანებით დღეს მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა შვილებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მშობლები იმ ბავშვების მიღებას ითხოვენ სკოლაში, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. აქციაზე იმყოფებოდა კანონპროექტის ავტორი კობა სუბელიანიც. მისი თქმით, განათლების სამინისტროს არ აქვს პასუხი, თუ რა სხვაობას იძლევა 10-20 დღე.  

აქციის მონაწილეებს შორის უმრავლესობა იმ ბავშვების მშობლები იყვნენ, რომელთა შვილებსაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ან მაქსიმუმ ერთ თვეში უსრულდებათ 6 წელი. როგორც ისინი ამბობენ, იძულებულები არიან, ბავშვები ვერც სკოლაში ატარონ და ვერც ბაღში.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა, თუმცა მათ კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მშობლების მოთხოვნას, თავად განათლების მინისტრს შეხვედროდნენ, თამარ სანიკიძე არ დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით მან მედიის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა. სანიკიძის მტკიცებით, სამინისტროსთან გამართული აქციის ძირითად ნაწილს სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელები და პოლიტიკური დაჯგუფების წევრები წარმოადგენდნენ. მისი თქმით, აღნიშნული პირები პროცესებს ამწვავებენ და ხელს უშლიან მშობლებთან ნორმალური კვალიფიციური ინფორმაციის მისვლას. მინისტრმა აღნიშნა, რომ "აქციაზე, რა თქმა უნდა, იყვნენ ერთეული მშობლები, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლები არიან". სანიკიძის თქმით, მშობლებთან სასაუბროდ სამინისტრო მზადაა. 

ამასთან, განათლების მინისტრის განცხადებით, შემუშავდა წინასასკოლო მზაობის პროგრამა, რომლის დანერგვა ახალი აკადემიური წლიდან დაიწყება. მოსწავლეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში შესვლა არ უწევთ, აღნიშნულ პროგრამას გაივლიან.

კომენტარები