ჩვენ მიზნის ლეგიტიმაციიდან უნდა გამოვიდეთ და უბრალო ადამიანები არ უნდა დავაკავოთ ჭორის დონეზე გაგებული ინფორმაციის საფუძველზე, - ამის შესახებ ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ახალი მებრძოლების რეკრუტირება აღკვეთოს და მეორე მხრივ, არ შეზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები, მაგალითად, გადაადგილების უფლება, საჭიროა, რომ გარემოებები კარგად იყოს გამოკვლეული, ასევე ჩატარებული იყოს საგამოძიებო მოქმედებები. მან ასევე დაამატა, რომ ადამიანის შეფერხება, დაკავება მხოლოდ გონივრული ეჭვის არსებობის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.
"ჩვენ მიზნის ლეგიტიმაციიდან უნდა გამოვიდეთ და უბრალო ადამიანები არ უნდა დავაკავოთ ჭორის დონეზე გაგებული ინფორმაციის საფუძველზე. აუცილებლად კარგად უნდა იყოს გამოკვლეული გარემოებები, საგამოძიებო მოქმედებები იყოს ჩატარებული. როდესაც ადამიანის შეფერხება, დაკავება ხდება, ეს ხდებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იარსებებს საფუძვლიანი ეჭვი.
გასაგებია, რომ ვიღაცა იქნება ისეთი, ვინც პატიოსანი ადამიანია, მაგრამ შეელახება გარკვეული ტიპის უფლებები, მაგრამ თუ მეც და ნებისმიერ ნორმალურ მოქალაქესაც აგვიხსნიან, რა ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ჩვენი შეფერხება გარკვეული ვადით, ჩვენ ე.წ. ცნობილი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, შეიძლება გაგებითაც მოვეკიდოთ ამ ფაქტს.
მთავარი არის, როგორ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ ვთქვათ პოლიტიკური მოტივით კი არ გვაკავებენ, იმიტომ, რომ არ მოწონთ ჩვენი შეხედულებები და იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ მუხლებს, რომლებიც რეალურად ტერორისტების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოკიდებული. თუ ჩვენ ვიქნებით ამაში დარწმუნებულები, გასაგებია, რომ ამ დისკომფორტს რაღაც დონეზე ავიტანთ", - განაცხადა ხვიჩიამ.





