ბლოგი

შევთანხმდეთ, რომ კმარა!

ბლოგი

შევთანხმდეთ, რომ კმარა!

შევთანხმდეთ, რომ კმარა!

ჯარისკაცების ცხედრები კი არა, დნმ-ს ნიმუშები მივაბარეთ მიწას, ასე ახსნა თავდაცვის მინისტრმა ის, თუ რატომ არ იმყოფებოდა მთავრობის არცერთი წარმომადგენელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების დაკრძალვაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის მინისტრი რუსული აგრესიის მსხვერპლს შეურაცხყოფას აყენებს – ყველას გვახსოვს უკრაინაში დაღუპული, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალეკო გრიგოლაშვილი, რომელიც თავდაცვის უწყებამ ანგარებაში დაადანაშაულა და ნაციონალების პროვოკაციის მსხვერპლად გამოაცხადა.

სამწუხაროდ, მინდია ჯანელიძე გამონაკლისი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას წესად ექცა ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და ამ უსაფრთხოების დამცველთა მიმართ უდიერი დამოკიდებულება.

„იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ერთი კედელი დაინგრა", – ასე აღწერა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსული აგრესიის ის დღე, როდესაც რუსულ ბომბებს ქართული სამშვიდობო მისიის წევრი შეეწირა.

გვახსოვს პირველი მოქალაქის მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ გაგებით მოვკიდებოდით ამნისტიის შედეგად გაზრდილ კრიმინალს – ეს მაშინ, როდესაც თავად მილიარდერი დაჯავშნულ მინას ამოფარებული ატარებდა მიტინგებს.

დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ქართული ოცნება ქვეყნის უსაფრთხოების დამცველთა დემორალიზებას ახდენს – ვნახეთ როგორ დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი, როგორ გამოააშკარავეს იარაღის სამალავები, როგორ დაიჭირეს კონტრდაზვერვის თანამშრომლები, ვხედავთ რა ხდება პოლიციაში:

ვიცით, როგორ შეიქმნა ღარიბაშვილის და მისი სიმამრის უშუალო მონაწილეობით ე.წ. პოლიტპატიმართა დაჯგუფებები, რომლებსაც პოლიციელის ცემა საუკეთესო შემთხვევაში 100 ლარი უჯდებათ.

გვახსოვს, სუს-ის მიერ ორგანიზებულ ბანდებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ჩამდგარი პოლიციელები, რომელთაც მაღალჩინოსანი კოლეგების მითითებით ოპოზიციისთვის ნასროლი კვერცხები ხვდებოდათ.

ვნახეთ, როგორ შეურაცხყოფენ რიგით პოლიციელებს მაღალჩინოსანთა მეგობარი ქალები.

ვიცით, როგორ აპარებდნენ პოლიციელების თვალწინ სამართალდამცავი თარაშ მუკბანიანის მკვლელს საქართველო-თურქეთის საზღვარზე – საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ.

ვიხილეთ, როგორ ყრიან კეთილსინდისიერ პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურიდან, თუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს დაუპირისპირდნენ.

ვნახეთ, როგორ ორთქლდებიან თვითმფრინავის ტრაპიდან პოლიციის მიერ წელში გადატეხილი ქურდული სამყაროს დეპორტირებული წარმომადგენლები მთავრობის მაღალჩინოსნების მითითებით.

დავრწმუნდით იმაშიც, რომ პოლიციას დანაშაულის რეგისტრაციას უკრძალავენ და სტატისტიკის გაყალბებას აიძულებენ.

კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე – ეს იმ სპეცრაზმელთა ჩამონათვალია, რომლებიც 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ კანონიერ ბრძანებას დაემორჩილნენ.

სპეცრაზმელები დააპატიმრეს მაშინ, როდესაც ყველას მიერ საცინლად აგდებული ჭიკაიძე ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა და მის ნაცვლად ყოფილი სპეცრაზმელი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. როგორ და რატომ შეასრულებს სპეცრაზმელი ბრძანებას, თუკი ის ელის, რომ ბრძანების შესრულებისთვის შესაძლოა დააპატიმრონ?

ლაშა ჯიხვაშვილი – ეს ის პოლიციელია, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზის ციხეში, იმიტომ, რომ თავდამსხმელს ესროლა და ის გარდაიცვალა.

ამ ინციდენტის შემდეგ ოთხი პოლიციელი დაჭრეს. ორი იანვარში – ბორჯომში. ხოლო ორი ახლახან – ვარკეთილის მეტროსთან. ოთხიდან ორი – გიორგი ბერუაშვილი და ბექა მარგიშვილი – გარდაიცვალა. პოლიციელებს არ უსვრიათ, სროლა თავდამსხმელმა დაასწრო. ალბათ ასე იქცევი, როდესაც იცი, რომ თავდამსხმელის მიმართულებით სროლისთვის, შეიძლება, განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაგასამართლონ.

ივანიშვილის აწ უკვე ფრთებმოტეხილი პაჟი, ღარიბაშვილი ახლა ირწმუნება, რომ ბრძანების შესრულებისთვის სპეცრაზმელის გასამართლება დაუშვებელია, ხოლო პოლიციელს გასროლა კრიმინალმა არ უნდა დაასწროს – თუმცა რა ფასი აქვს მის სიტყვას, როდესაც დღეს ერთს ამბობს, გუშინ მეორეს ამბობდა და აკეთებდა, ხოლო ხვალ რას იტყვის და გააკეთებს, არავინ იცის, საიდან უნდა ვიცოდეთ, იმ ბრძენ კაცს თავში რა მოუვა.

ერთი რამ ცხადია, ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფოს და მოქალაქეების დამცველებს, ჯარს, უშიშროებას, პოლიციას, არათუ არ იცავს, არამედ პოლიტიკური თამაშისთვის იყენებს და წირავს, თუ ამით ოპონენტის დისკრედიტაციას გამოიწვევს. ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლების გამყარებას მილიარდერი და მის მიერ პრივატიზებული მთავრობა კრიმინალებთან დაუფარავი კავშირით ცდილობენ.

შესაძლოა, ეს კავშირი ორგანულია, იმიტომ რომ კრიმინალურ სამყაროს და ჩვენს ხელისუფლებას ადამიანების ბედის მიმართ ცინიკური უპასუხისმგებლობა და გულგრილობა აერთიანებთ – ამიტომ უმტკიცებენ მოსახლეობას, რომლის ორი მესამედი ფიქრობს, რომ დანაშაულმა იმატა, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამიტომ გვაყრიან თვალში ნაცარს, რომ ლარი ჯანსაღად იქცევა, ამიტომ დაგვცინიან, რომ არ ვიცით კაპიტალი რომელ ვალუტაში დავაბანდოთ, ამიტომ გვარწმუნებენ, რომ სინამდვილეში გასული წელი იყო საუკეთესო და ყველაფერი კარგადაა, მაშინ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორ გზას ადგას.

მაგრამ მე მაინც სხვა მიზეზი მგონია უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი სახელმწიფოს სათავეში შემთხვევითი ხალხია მოხვედრილი, რომელიც ვერ ახერხებს ქართულ სახელმწიფოსთან, ხალხთან, მის ისტორიასთან თვითიდენტიფიცირებას, შესაბამისად, არც იმის ენერგია და მით უმეტეს ამბიცია აქვს, რომ ამ ქვეყნისგან „გაზაფხული გააკეთოს". ამიტომ მოდი აფეთქდეს საყდრისი, განადგურდეს ეროვნული ვალუტა, იბობღოს ეკონომიკამ, დაინგრეს გზები, დამკვიდრდეს ტრაიბალისტური ნეპოტიზმი, დაჯაბნოს პოლიცია კრიმინალმა – მერე რა? არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ჩვენ პატარა და ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ, „ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ".

გამოსავალი? გამოსავალი ერთია – შევთანხმდეთ, რომ კმარა!

კომენტარები