პოლიციელის მკვლელობა

მინაშვილი: კანონში ცვლილებების დაგეგმვა საზოგადოების მოტყუების მცდელობაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც იზორიამ განაცხადა, პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად, შესაძლოა, კანონპროექტი მომზადდეს. მინაშვილი მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილებების დაგეგმვა საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.

"ცხადია, კანონში ცვლილებები არავითარ შედეგს არ მოიტანს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებაა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ წინა პლანზე წამოიწიოს კრიმინალი და ორგანიზებული დანაშაული, მათ ჰქონდეთ პრივილეგიები და პოლიცია იყოს უკანა ხაზზე გადმოწეული. მაგალითად, როდესაც ვიცეპრემიერი კალაძე წითელი ხალიჩებით აცილებს კანონიერ ქურდებს, მაშინ, როდესაც ქალბატონი ბესელია, ბატონი ფოფხაძე მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებს ამნისტიით უშვებს გარეთ. მაშინ, როდესაც ხდება ძალადობრივი მოქმედებები პოლიციის მიმართ სხვადასხვა დაქირავებული ჯგუფების მიერ და ამის გამო ეს ჯგუფები პასუხს არ აგებენ. ბუნებრივია, დღეს გაცხადებულია, რომ საქართველოში წამყვანი როლი სწორედ დანაშაულებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს აქვთ. ამიტომ კანონში ცვლილებები გარკვეული მცდელობაა, რომ თვალი აუხვიონ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მოატყუონ საქართველოს მოქალაქეები",- თქვა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები