ოკუპირებული ტერიტორიები

სოხუმი გალის სკოლების აფხაზურ პროგრამაზე გადაყვანას სექტემბრიდან გეგმავს

travel-images.com

ე.წ აფხაზური ხელსუფლება გალის რაიონის ქართული სკოლების აფხაზურ პროგრამაზე გადაყვანას მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს. ამის შესახებ, ეხო კავკაზას ცნობით, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კადირ არღუნმა განაცხადა.

მისი თქმის, სულ რაიონში 3300 მოსწავლეა, 20 სკოლიდან 11-ში კი ამჟამად სწავლა ქართულ ენაზე და ქართული პროგრამით მომდინარეობს.

„ქართულ სახელმძღვანელოებში ნახავთ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, მის ჰიმნს და დროშას. აფხაზეთი იქ აღნიშნულია, როგორც საქართველოს ნაწილი, ხოლო რიწის ტბა - საქართველოს ყველაზე ღრმა ტბა. ომის მიზეზად აფხაზური სეპარატიზმია დასახელებული. ისტორიის ქართული სახელმძღვანელოს ავტორები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთი აქეზებს, თორემ სინამდვილეში საქართველოსთან არანაირი უთანხმოებები მათ არ აქვთ. სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მიართ უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდებათ", - განაცხადა არღუნმა.

მისი თქმით, გალის რაიონის ადმინისტრაციის წინაშე დასმულია ამოცანა - 2015 წლის სექტემბრიდან ყველა სკოლამ, თუნდაც, დამწყები კლასებიდან, სწავლა აფხაზური პროგრამებით დაიწყოს. ამისთვის გალში უკვე 4 ათასი აფხაზური სახელმძღვანელოა შეტანილი, რომლითაც ქართულ სახელმძღვანელოებს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ არ ვებრძვით ქართულ ენას, რაიონის მოსახლეობას ვთავაზობთ უფრო პატრიოტულ პოზიციას და თანდათანობით გადასვლას მთელი აფხაზეთისთვის საერთო სახელმძღვანელოებზე და პროგრმებზე", - განაცხადა პრესკონფერნციაზე გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

 

კომენტარები