დანერგე მომავალი

ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წინსვლას უნდა დაეხმაროს

facebook.com/GaribashviliOfficial

სოფლის მეურნეობა ეს ის დარგია, რომელმაც ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ეკონომიკის წინსვლის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის, დანერგე მომავლის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით შექმნილია 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო. 800 ათასი ფერმერი კი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს.

"ჩვენ უკვე არაერთი პროექტი დავიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ ფერმერების, მეწარმეებისა და გლეხების ხელშესაწყობად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოგვიტანს საგრძნობ შედეგებს. ჩვენ მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ წარმატებით ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და პროგრამა აწარმოე საქართველოში. სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო. უკვე მესამე წელია 800 ათასი ფერმერი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას. წლების განმავლობაში დაუმუშავებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ამუშავებული 105 საწარმოდან 18 ხილის გადამმუშავებელი საწარმოა,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა.

"მოგეხსენებათ, საქართველომ უკვე მოიპოვა გასასვლელი ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე და სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმისთვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზეც. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება ახალი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს. ყოველი ახალი საწარმოს გახსნა კი ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს ქვეყანაში. ჩვენ იმაზევ ვიზრუნეთ, რომ ახალი პროექტის ბენეფიციარებმა მიიღონ კვალიფიციური დახმარება სახელმწიფოსგან. მათ ამ დახმარებას გაუწევს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც გასულ წელს მთავრობის ხელშეწყობით შევქმენით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი, დანერგე მომავალი, ფერმერებისთვის ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების მოწყობაში სახელმწიფოს დახმარებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით თანადაფინანსებით მოხდება ნერგების შეძენა და საირიგაციო სისტემების მოწყობა. ორწლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. ყოველი ცალკეული ფერმერი 50%-ით დაფინანსდება, ხოლო თითოეული დაფინანსება 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

 

კომენტარები