საგარეო ვაჭრობა

ეკონომიკის სამინისტრო: ექსპორტის კლება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია

economy.ge

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გაავრცელა. იანვრის თვეში ექსპორტმა $156 მილიონი შეადგინა. ყოველთვიური ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც 2013 და არც 2014 წელს არ დაფიქსირებულა. ექსპორტის შემცირებასთან დაკავშირებით დღესვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტის შემცირება საგარეო მიზიზებით იყო განპირობებული. 

"ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში მკვეთრად შემცირდა საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტი იანვარში 67%-ით, სპირტიანი სასმელების კი 87%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტი. 

სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე ექსპორტი გაზრდილია. მაგალითად, ოქროს და ძვირფასი მეტალების ექსპორტი 32%-ით არის გაზრდილი, ხოლო არმატურის ექსპორტი (ნახშირბადოვანი წნელების ექსპორტი) - 42%-ით. 

ექსპორტის შემცირებასთან ერთად იმპორტის მოცულობა არის გაზრდილი. სულ იანვრის თვეში საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობამ $538 მილიონი შეადგინა, სავაჭრო ბალანსი კი მინუს $382 მილიონს შეადგენს.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების და საქართველოში შემოსული ინვესტიციების შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტის მოცულობას საქსტატი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

კომენტარები