ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. ხადურის განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება მსოფლიოში არსებული ტენდენციის შედეგია. მისივე თქმით, უახლოეს თვეებში ბიუჯეტიდან ლარის კურსზე დაწოლა უარყოფითი არ იქნება.
"რაც შეეხება ლარს, მიუხედავას იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული რყევები იყო, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ის ტენდენცია, რომელიც მსოფლიოშია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ უფრო აქტიური იყოს. ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა. არც დეკემბერში, არც იანვარში და არც უახლოეს თვეებში საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე დაწოლა არ იქნება უარყოფითი" - განაცხადა ხადურმა.
ხადურის განმარტებით, იანვრის თვეში შემოსავლებმა ხარჯვით ნაწილს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ლარის გამყარებას უწყობს ხელს.
"დღეს მთავრდება პირველი თვე და პირველი თვის შედეგებით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები არის გადაჭარბებული და ბიუჯეტის პროფიციტი ანუ შემოსავლების გადაჭარბება ხარჯებზე 1 თვის არის 100 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ლარი გამყარდეს ანუ ვეხმარებით ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში. ეროვნულმა ბანკმა დღეს დააყენა საკითხი, მას უფრო ახლოს აქვს წვდომა, რომ შესაძლოა გაჩნდეს ინფლაციური მოლოდინები, თუმცა იანვარში ინფლაცია იყო 0 %" - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში, შემოსავლები კი ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე" - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში.





