ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტის ნდობის ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი გივი თარგამაძე ამბობს, რომ პროკურატურას მისთვის მასალები არ გაუგზავნია. ნდობის ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით არის დაკომპლექტებული, შესაბამისად ის პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დაკსვნებს დაუჭერს მხარს.
"მასალები პროკურატურამ არ გამომიგზავნა. მითხრეს, რომ არის ძალიან ბევრი და უნდა მემუშავა საიდუმლოების დაცვის საცავში, რომელიც 6 საათამდე მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნდობის ჯგუფი უმრავლესობით არის დაკომპექტებული და უმცირესობიდან მხოლოდ მე ვარ, მაშინ მე მაქვს ეჭვი, რომ ისინი ცნობად მიიღებენ პროკურატურის და აუდიტის სამსახურის დასკვნებს და მათ დაუჭერენ მხარს. ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკური დაკვეთა" - განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი გუნდი იმით ასრულებს, რომ არ ასახელებს პირველწყაროს.
"ალასანიას გუნდის წევრები თან ბოლო გაფრთხილებას იძლევიან, თან არ ასახელებენ პირველწყაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების გაგრძელება. სამწუხაროდ ამ ჯაჭვში უნდათ, რომ ერთ-ერთ რგოლად აქციონ და გააბითურონ კიდევ ერთი ინსტიტუტი - პარლამენტის ნდობის ჯგუფი. ამაზე მეტყველებს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის გამოსვლაში უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა ამ საქმეზე ვიდრე ნდობის ჯგუფის რომელიმე წევრს. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური დაკვეთაა" -განმარტა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე პარლამენტის ნდობის ჯგუფი ხვალ შეიკრიბება.
ნდობის ჯგუფი
გივი თარგამაძე: ნდობის ჯგუფი პროკურატურის დასკვნებს დაუჭერს მხარს





