საქართველოს ეკონომიკა

საქართველოში წლის პირველ ცხრა თვეში 4,1 მილიონი ტურისტი შემოვიდა

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 4 187 595 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,1%-ით აღემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $750 მილიონს შეადგენს. 

2013 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $1,7 მილიარდს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-ის ტოლი იყო. 2014 წლის არსებული მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 7,2%-ია.

განვლილი წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა ნაკადის ზრდის დინამიკა შენელებულია, მაგალითად 2011 წლის პირველ ცხრა თვეში 2010 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2012 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა 37%-ს შეადგენდა. 2013 წელს პირველ ცხრა თვეში თვეში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 21% შეადგინა, ხოლო 2014 წელს კი ზრდა მხოლოდ 2,1% იყო. 

წელს ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ივლის-სექტემბრის მონაკვეთში დაფიქსირდა, როდესაც თვეში საშუალოდ 650 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოდიოდა.

საქართველოში ტურისტების 86% სახმელეთო გზით შემოვიდა, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით - 12%. სარკინიგზო ტრანსპორტით უცხოელ ვიზიტორთა მხოლოდ ერთი პროცენტია შემოსული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტს საშუალება აქვს, წელიწადში 3,2 მილიონი ვიზიტორი გაატაროს, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც დღეისათვის ათვისებული არ არის.

ვიზიტორების წარმომავლობის მიხედვით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც პირველ ცხრა თვეში 1,1 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქი ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა 23%-ით არის გაზრდილი, სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი - 22%-ით.

ვიზიტორების წარმოშობის მიხედვით პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა.

კომენტარები