თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებთან ადვოკატს არ უშვებენ

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატს ლევან სამუშიას მისი დაცვის ქვეშ მყოფების ნახვის უფლებას არ აძლევენ. როგორც გიორგი ლობჟანიძის და არჩილ ალავიძის ადვოკატი ამბობს, 2 საათია, წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლას ითხოვს, თუმცა, პასუხად იღებს, რომ დაკავებულები რეგისტრაციაში არ არიან გატარებულები და ადვოკატს ვერ შეუშვებენ. ლევან სამუშიას თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის უფლება არც პროკურატურაში მისცეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დღეს დააკავა. საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დააკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". უწყება გაფლანგვის ბრალდებით მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შესყიდვების სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ამასთან, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ სახელმწიფო შესყიდვას გრიფი საიდუმლო მოეხსნას.

კომენტარები