ტერაქტი კანადაში

კანადაში ტერორისტმა ჯარისკაცს ესროლა და პარლამენტის შენობაში შეიჭრა

მიშელ ზიჰაფ ბიბო

კანადის ხელისუფლებამ მოკლული ტერორისტის ვინაობა დაასახელა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში გუშინ სროლა ატეხა. ეს კვებეკის მკვიდრი 32 წლის მიშელ ზიჰაფ ბიბოა. მან ოტავის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო მემორიალთან მდგარ საპატიო ყარაულის ჯარისკაცს საფანტის იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. შენობაში დაცვამ ტერორისტი ალყაში მოაქცია და ორმხრივი სროლის შემდეგ მოკლა. თავდასხმის შედეგად, 24 წლის ჯარისკაცი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ 3 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი რამდენიმეჯერ ნასამართლევი პირია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო. კანადის ხელისუფლებამ დასახლებულ პუნქტებში და სამხედრო ნაწილებში განსაკუთრებული რეჟიმი გამოაცხადა. ანტიტერორისტული კოალიციის სხვა ქვეყნებმაც უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გაძლიერდა ავსტრალიის პარლამენტის და ვაშინგტონში არლინგტონის სამხედრო სასაფლაოს დაცვა.

ტერაქტს კანადის დედაქალაქში შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა და კანადელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

"მქონდა საშუალება, კანადის პრემიერ ჰარპერთან მესაუბრა, სიტუაცია იქ ტრაგიკულია. მხოლოდ ორი დღის წინ თავდასხმის შედეგად, ორი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა. ვიცით, რომ დღეს კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ამერიკელი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოვუცხადე დაღუპულის ოჯახს და მთელ კანადელ ხალხს. ჯერჯერობით არ გვაქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, იყო ეს დაგეგმილი ფართო ქსელის მიერ თუ ცალკეულ პირების ნამოქმედარია", - აღნიშნა ობამამ.

კომენტარები