ბაჩო ახალაიას საქმე

ევროსაბჭოს მონიტორინგი ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის სამუშაო ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლისსამართლებრივ დევნას. ტექსტში აღნიშნულია, რომ ბაჩო ახალიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 9 თვეზე მეტ ხანს პატიმრობის გამოყენება კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება საქართველოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გადაჭარბებულად გამოყენებასთან დაკავშირებით. ვართ უკიდურესად შეშფოთებულები იმ გადაწყვეტილებით, რითაც ბატონი ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას 9 თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით, რაც შესაძლებელია სასამართლოსა და პროკურატურისთვის", - ნათქვამია ანგარიშის სამუშაო ვერსიაში.

დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც და აღნიშნულია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. მონიტორინგის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს პოლიტიკური მოტივაციების გამოსარიცხად.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ხვალ ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები