ნამდვილი დეტექტივი

კოლინ ფარელი და ვინს ვონი „ნამდვილი დეტექტივის“ მეორე სეზონში ითამაშებენ

კოლინ ფარელი და ვინს ვონი „ნამდვილი დეტექტივის“ მეორე სეზონში ითამაშებენ.

ტელეკომპანია HBO-მ „ნამდვილი დეტექტივის“ მეორე სეზონის პირველი დეტალები გაავრცელა. კოლინ ფარელი რეი ველკოროს როლს შეასრულებს. ის პოლიციის დეტექტივი იქნება, რომელსაც მაფიის ბოსი მფარველობს. ვინს ვონი კი ფრენკ სეიმურს განასახიერებს - კრიმინალს, რომლის იმპერიაც ბიზნესპარტნიორის მკვლელობის გამო ჩამოშლის პირასაა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მეორე სეზონის საწყის ეპიზოდებს „ფორსაჟის“ მეოთხე და მეხუთე ფილმების რეჟისორი ჯასტინ ლინი გადაიღებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ნამდვილი დეტექტივის“ ახალ სეზონში კიდევ ორი მთავარი გმირი, მამაკაცი და ქალი იქნება. მეორე სეზონში ვუდი ჰარელსონისა და მეთიუ მაკკონაჰის პერსონაჟები არ დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკ პიცოლატოს შექმნილმა სერიალმა ემის ხუთი ჯილდო მოიპოვა (მათ შორის, ყველა ეპიზოდის რეჟისორი კარი ფუკუნაგა წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს) და 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შოუდ იქცა.

„ნამდვილი დეტექტივი“ HBO-ს ეთერში 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდება.

კომენტარები