ომი უკრაინაში

დონეცკის ოლქის გუბერნატორი: აფხაზეთის სცენარი დონბასში არ განხორციელდება

theguardian.com

აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარი დონბასში არ განხორციელდება, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ განაცხადა.

გუბერნატორის აზრით, უკრაინა არაფრით დათანხმდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, არც მათთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინის შემადგენლობაში.

„დსრ-ისა და ლსრ-ის საერთო ტერიტორია დონბასის 25%-საც არ შეადგენს. ეს რა სახელმწიფოა? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? და საერთოდ, შეძლებს გადარჩენას?“ - განაცხადა ტარუტამ.

ტარუტას თქმით, დონბასის გათავისუფლებული ქალაქების მოსახლეობას არ სჭირდება ე.წ. დნრ და ნოვოროსია. ტარუტამ მარიუპოლის მაგალითი მოიყვანა, როდესაც მარიუპოლის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს.

„ქვეყანა ომისთვის უნდა მოემზადოს. ბრძოლის გარეშე ამ ტერიტორიებს არავინ დათმობს. ბრძოლა ყველას მოუწევს - მარიუპოლელებსაც და უკრაინის არმიასაც“, - განაცხადა გუბერნატორმა.

„შესაძლოა, ეს ყველაფერი დროში გაიწელოს. შესაძლოა, ჩვენ ყველაზე მეტად დავზარალდეთ. მაგრამ აფხაზეთის ან დნესტრისპირეთის ვარიანტი აქ არასდროს განხორციელდება. ტანკების რაოდენობა და ცოცხალი ძალა ყოველთვის გამარჯვების არგუმენტი არ არის. ვფიქრობ, ამას მეორე მხარესაც გაიგებენ და იმასაც, რომ უსასრულო ომი მხოლოდ უკრაინას არ დააზარალებს", - აღნიშნა ტარუტამ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 6 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინელმა სეპარატისტებმა და რუსეთის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს, როდესაც მარიუპოლის მახლობლად უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები