უელსის სამიტი

ალასანია: იმედი გვაქვს, მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსის წევრი გახდება

უელსის NATO-ს სამიტის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის მინიჭების მნიშვნელობაზე, ალიანსში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და უკრაინის მოვლენებზე ისაუბრა.

"მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, სამიტისგან კონკრეტული მოლოდინები მაქვს:

1. საქართველო შეფასდეს NATO-სთან მაქსიმალურად თავსებად პარტნიორ ქვეყნად;

2. NATO-სთან თანამშრომლობის პაკეტში ასევე გათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ესაჭიროება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - საჰაერო თავდაცვა, შეიარაღება, რომლებიც მხოლოდ თავდაცვით მიზნებს მოემსახურება;

3. იგეგმება NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მოსამზადებელი ცენტრის შექმნა.

ვგეგმავთ, რომ სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციისთვის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მთავარი ბირთვი შევქმნათ. გვინდა, რომ NATO საქართველოში და მოკავშირე ქვეყნების ჯარები ჩვენს მიწაზე მეტად იყოს წარმოდგენილი. ყოველივე ეს, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების წყალობით, საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად წაახალისებს და მისი, როგორც საზოგადოების უკეთესად განვითარებას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი სამიტი იქნება NATO-ს გაფართოების სამიტი, სადაც საქართველო ალიანსის წევრობას მიიღებს", - განაცხადა მინისტრმა.

ალასანიამ პარალელი გაავლო საქართველოსა და უკრაინის ვითარებებს შორის და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მსგავს მდგომარეობაში 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ჩვენ, ქართველები, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ მტკივნეულად აღვიქვამთ, რადგან იგივე განვიცადეთ რამდენიმე წლის წინ და კარგად გვესმის, რას ნიშნავს რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ასე რომ, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუზიარებთ მიღებულ გამოცდილებას.

2008 წელს დაშვებული შეცდომები უკვე შესწავლილია და ანალიზის შედეგები უკვე გავუზიარეთ უკრაინელ ხალხს. ასევე, ვაპირებთ მათ თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობაში გავუწიოთ დახმარება, რომელიც ამჟამად ტრანსფორმაციას განიცდის და აღარ დაექვემდებარება პოლიტიკურ და სამოქალაქო კონტროლს.

ჩვენ იგივე რეფორმა წარმატებით განვახორციელეთ. NATO-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენი ინსტიტუციონალური გამოცდილება შეგვიძლია სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, უკრაინას გავუზიაროთ", - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები