ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები განაახლა. მანამდე, ისრაელი კონფლიქტის მოგვარების მიზნით ეგვიპტის მიერ ღაზასთან ზავის შეთავაზებას დათანხმდა. თუმცა, ჰამასის შეიარაღებული ფრთა აცხადებდა, რომ ზავზე თანხმობა ”დანებებად” ჩაითვლებოდა. ამიტომაც ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, დაჯგუფება სარაკეტო თავდასხმებს კვლავ ახორციელებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სწორედ ჰამასის მიერ 6-საათიანი ცალმხრივი დარტყმების გამო, ისრაელმა ღაზის სექტორში ოპერაცია განაახლა.
ეგვიპტის შეთავაზებას ზავის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
”ჩვენ მოხარული ვართ ეგვიპტის შეთავაზების გამო, რათა შედგეს ზავი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. იმედი გვაქვს, მშვიდობა დამყარდება, რისკენაც ასე ვისწრაფვით”, - თქვა ობამამ.
კონფლიქტი უკვე მერვე დღეა, გრძელდება. ოფიციალური პალესტინის ცნობით, სულ ცოტა, 192 ადამიანი დაიღუპა.
ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.
კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.




