ფრენა მესტიაში

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: საჰაერო ხომალდი L 410 უსაფრთხოა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საჰაერო ხომალდი L 410 უსაფრთხოა.

განცხადებაში წერია, რომ ოპონენტების მიერ დღეს მედიაში გავრცელებული განცხადებები არის უსაფუძვლო და ის ემსახურება თბილისი-მესტიის რეისის განახლების მნიშვნელოვანი პროექტის ხელის შეშლას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

"საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც იფრენს მესტიაში არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით.

შესაბამისად, საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ L 410 ტიპის საჰაერო ხომალდი გამოდის 1969 წლიდან, რომელიც გაუმჯობესდა და დღესაც წარმატებით ოპერირებს მთელს მსოფლიოში, ჯამში დაახლოებით 500 მოქმედი თვითმფრინავია ოპერირებაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში და ევროგაერთიანების სხვა ქვეყნებში.

"აქედან გამომდინარე, ოპონენტების მხრიდან უბედურ შემთხვევებზე მხოლოდ საჰაერო ხომალდის ტიპზე საუბარი გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა.
ოპონენტების მიერ ნახსენები კანადური თვითმფრინავის იმ მოდელთანაც, რომლითაც რამდენიმე წლის წინ ხორციელდებოდა რეგულარული რეისი თბილისი-მესტიის მიმართულებით, დაკავშირებულია არაერთი უბედური შემთხვევა", -ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ საქაერონავიგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა, ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. კარბელაშვილი მიმართავს მთავრობას, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.

კომენტარები