ეკონომიკური პოლიტიკა

კონკურენცია, ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციები

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმზ ბიუქენენი მრავალი ორიგინალური მიგნების ავტორი იყო ეკონომიკაში, ხოლო ნობელის პრემია მას 1984 წელს გადაეცა ახალი – საჯარო არჩევანის სკოლის დაარსებისთვის. საჯარო არჩევანის სკოლა სწავლობს პოლიტიკას, გადაწყვეტილებების მიღების გზებს და სახელმწიფოს ჩავარდნის მიზეზებს.

ამჯერად შევჩერდები ჯეიმზ ბიუქენენის სხვა თეორიულ მიგნებაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც მეტია და მცირეა მუნიციპალური ერთეულები, მით მეტია კონკურენცია მათ მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილებებს შორის. ეს მარტივად ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების მმართველი ორგანოები ბევრჯერ დაფიქრდებიან, როგორი საგადასახადო ან ფისკალური რეჟიმები შექმნან, რა სერვისები შესთავაზონ ადამიანებს. სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანები შეეცდებიან აწონ-დაწონონ, რა სარგებელს მიიღებდნენ ამ ტერიტორიაზე ცხოვრებიდან და რა დანახარჯები ექნებოდათ. ისინი ასევე შეეცდებოდნენ, სხვა ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც შეესწავლათ, შეედარებინათ ადგილობრივისთვის და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, უღირდათ თუ არა აქ დარჩენა. ეკონომისტმა ჩარლზ თიბუმ ასეთ მოქმედებას ფეხით ხმის მიცემა დაარქვა.


მაგალითად, თუ ქალაქის ადგილობრივი მთავრობა ამერიკაში შემოიღებს საკუთრების, საშემოსავლო ან გაყიდვების მაღალ გადასახადს, მაშინ მის მცხოვრებლებს მოტივაცია გაუჩნდებათ, მიატოვონ ქალაქი და სხვაგან გადავიდნენ, თუ, მით უმეტეს, გადახდილი გადასახადების სანაცვლოდ ბევრს ვერაფერს იღებენ. აშშ-ის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი და ამიტომ ბევრი ცდილობს, ამ შტატში იცხოვროს და სხვაგან იმუშაოს; სხვა შემთხვევებში, ზოგიერთ შტატს არ აქვს გაყიდვების გადასახადი და მრავალი შტატიდან ხალხი ამ შტატში ჩადის, რათა იაფად იყიდოს გრძელვადიანი მოხმარების საგნები და, ბევრ შემთხვევაში, ავტომობილის საწვავი და სურსათიც. ასევე გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც მთიან რეგიონებში დაბალია ან არ არსებობს გადასახადები კორპორაციებზე და ისინიც სწორედ იქ რეგისტრირდებიან.

ევროპას რომ გადმოვხედოთ, ევროპული მთავრობების მრავალწლიანი უგუნურობის შედეგად ბევრ ქვეყანაში იმდენად მაღალი გადასახადი არის დაწესებული (მაგალითად, საფრანგეთში შემოსავლის 75%), რომ მისი მცხოვრებლები ან ამ ქვეყნებიდან გარბიან ან დასაბეგრი ფული გააქვთ ქვეყნიდან (მაგალითად, ფრანგი დეპარდიე ან გერმანელი ფეხბურთელი ჰიონესი).

მთავრობები არა მხოლოდ უცოდინრობას იჩენენ, როდესაც ყურადღებას არ აქცევენ ადამიანების შემცირებულ მოტივაციას, ბევრი იმუშაონ და მათ გაზრდილ შეშფოთებას მაღალ გადასახადებთან დაკავშირებით, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ვეღარ ახერხებენ მიწოდებული სერვისების ხარისხის შენარჩუნებას. უმეტესად სწორედ ეს ხდება პრივატიზების მიზეზი. ასეთი გარემო აფრთხობს ინვესტიციებს და უკეთეს ადგილებში ექაჩება. როგორც უნდა აძაგონ სინგაპური დემოკრატიის დეფიციტის გამო, ფაქტია, რომ მისმა მთავრობამ კარგად აუღო ალღო ამ პრინციპს, მკვეთრად გაზარდა ბიზნესის თავისუფლება და მრავალი დეკადის განმავლობაში მიიზიდა ინვესტიციები. შედეგი სახეზეა – უღარიბესი ქვეყანა უმძლავრეს და ულამაზეს ადგილად იქცა.

ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ (ბიზნესმა ისედაც იცის). ბევრჯერ დამიწერია ამ თემაზე, მათ შორის ტაბულას გვერდებზეც, რომ დღევანდელი მკაცრი კონკურენციის და გლობალური კრიზისის პირობებში, შეუძლებელია დაარწმუნო ინვესტორები, რესურსები ისეთ რისკიან ადგილას დააბანდონ, როგორიც საქართველოა. და თუ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბიზნესგარემო მსგავსია, ტენდენცია იქნება, რომ გვერდი აგვიარონ.

საჭიროა მიმზიდველობის შექმნა, საკუთრების დაცულობა, გადასახადების განაკვეთების, სახელმწიფო ხარჯების და რეგულირების შემცირება, აუცილებელია კანონმდებლობის სტაბილურობაც. ამ შემთხვევაში სასწორი ჩვენკენ გადმოიხრება.
არსებობს ობიექტური ფაქტორები: მოსახლეობის სიმცირე და დაბალი შემოსავლები, რეგიონული თანამშრომლობის დეფიციტი და მუდმივი დაძაბულობის ფაქტორები, უსაფრთხოების პრობლემები და ოკუპირებული ტერიტორიები.

კიდევ ერთ ფაქტორს დავამატებ, რომელიც ჯეიმზ ბიუქენენის ზემოხსენებული თეორიის გაგრძელებას წარმოადგენს და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ნაცნობ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში გამოავლინა თავი. 1989-1991 წლები კომუნიზმისგან გათავისუფლების ხანა იყო. მრავალი კვლევა და დაკვირვება იძლევა საშუალებას, გამოვყოთ ამ ქვეყნებს შორის ლიდერები და აუტსაიდერები, რომლებიც დაახლოებით თანაბარი პირობებიდან იწყებდნენ ახალ ცხოვრებას, მაგრამ განსხვავებულ შედეგებს მიაღწიეს. არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებიც სასტარტო პოზიციებზეც მოქმედებდა. მაგალითად:

– ეს ქვეყნები კომუნისტებამდეც განსხვავებულ განვითარების დონეზე იყვნენ. მათ შორის, კერძოსაკუთრებითი ეთიკის სფეროში. ამ ქვეყნებში კერძო საკუთრების გაუქმებას და შემდგომში მის აღდგენას დიდი არაფერი შეუცვლია.

– ამ ერების ნახევარი გაცილებით ნაკლები ვადით იქნა გაკომუნისტებული და არსებობდა თაობა, რომელსაც ახსოვდა კერძოსაკუთრებითი ეთიკა და საზოგადოება.

– ზოგიერთი ერის წარმომადგენლებს გაცილებით უფრო ძლიერი ინდივიდუალისტური ფესვები ჰქონდათ, ვიდრე სხვებს. შესაბამისად, მათი რაციონალურობაც უფრო მაღალი იყო.

– ზოგიერთი ეს ქვეყანა რუსულ გეოპოლიტიკურ ხაფანგში იყო და არ შეეძლო სამყაროსთან რუსეთის გარეშე კომუნიკაცია.

– ამ ქვეყნების ნაწილი ნაკლებად იყო დამოკიდებული საერთო ცენტრალურ ხელისუფლებაზე მოსკოვში, ამიტომ მათი ეკონომიკა არ იყო კოლონიური ხასიათის.

– ამ ქვეყნების ნაწილი შედარებით განვითარებული საგარეო სავაჭრო ურთიერთობებით სარგებლობდა.

ახლა მივუბრუნდები მთავარს. ამ ქვეყნების ყველაზე წარმატებული ნაწილი მეზობლობს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს. მაგალითად, სლოვენია – (ჩრდილო) იტალიას და ავსტრიას, ჩეხეთის რესპუბლიკა – გერმანიას და ავსტრიას, ხოლო ესტონეთი – შვედეთს და ფინეთს. უფრო აღმოსავლეთით თუ წავალთ, რაც ნაკლებად განვითარებულია ქვეყნის მეზობლობა, მით უფრო მცირეა ამ ქვეყნის შანსები, სწრაფად მიაღწიოს წარმატებას. ამის მიზეზები შეიძლება ასეთ ფაქტორებში ვეძებოთ:

– კარგი მეზობელი კარგი მასწავლებელია – ადვილად შეიძლება მოხვდე მის ტერიტორიაზე და საკუთარი თვალით ისწავლო მისი საუკეთესო გამოცდილებიდან.

– კარგი მეზობელი ასევე დაინტერესებულია თანამშრომლობით და ინვესტირებით. შვედეთმა და ფინეთმა დიდი მონაწილეობა მიიღეს ბალტიისპირელების წარმატებაში.

– კარგი მეზობელი ასევე კარგი კონკურენტიცაა – ამას ყოველდღიურად ხვდები. მაგალითად, სლოვენიელი მაღაზიის პატრონი არ დაუშვებს მის გვიან გაღებას, რადგან იცის – მისი მეზობელი ავსტრიელი უკვე ოფისშია.

სასურველი იქნებოდა, ასევე, რომ კარგი მეზობლები საუკეთესო და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასაც უკეთებდნენ ექსპორტს – ეს დიდ გავლენას მოახდენდა მეზობლების პოლიტიკაზეც. თუ შენი მეზობლები მდიდრები არ არიან, მაშინ მათგან ინვესტიციებსაც ნაკლებად უნდა ელოდო.

უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ამ ერისთვის მდიდარ მეზობლებთან ახლო ურთიერთობას სერიოზული დანახარჯებიც ჰქონდა. იმავე სლოვენიისთვის მნიშვნელოვანი იყო სასტარტო მდგომარეობის გამყარება მეზობლების მხარდაჭერით, მაგრამ შემდგომში მან სერიოზული რყევა მიიღო ევროპული ბიუროკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების და მძიმე მარეგულირებელი პოლიტიკის დანერგვით. ხავერდოვანი რევოლუციების პირველი წლებიდან ამ ქვეყნებს სწრაფი ზრდა ახასიათებდათ და სერიოზულადაც წამოიწიეს ეკონომიკურად. სამწუხაროდ, დღეს ზრდა შეამცირეს ან საერთოდ შეწყვიტეს, ბევრი მათგანი ვალებშიც გაეხვია.

ზოგიერთმა მოახერხა ამ მარეგულირებელი ზეწოლის შეჩერება ისეთი ლიდერების ხელმძღვანელობით, როგორც მარტ ლაარი იყო ესტონეთში და ვაცლავ კლაუსი ჩეხეთის რესპუბლიკაში. მაგრამ უმრავლესობას არ ეყო ნება და დანებდნენ ევროპის ბიუროკრატიას, როგორც, მაგალითად, სლოვაკეთში.

ასე გამოიყურება დღეს ზოგიერთი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ერის (რომლებიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან) რეიტინგი მსოფლიო ბანკის კვლევის „ბიზნესის კეთების სიადვილე" (Doing Business 2014) მიხედვით:

ქვეყნები Doing Business ადგილი 2014ბულგარეთი58ხორვატია89ჩეხეთის რესპუბლიკა75ესტონეთი22უნგრეთი54ლატვია24ლიტვა17რუმინეთი73პოლონეთი45სლოვაკეთის რესპუბლიკა49სლოვენია33


 
აქ კი მოვიყვანე ამავე ქვეყნების რეიტინგის ცვლილებები 2000-2010 წლებში ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში" მიხედვით:

ამ ქვეყნების უმრავლესობამ პირველ წლებში სერიოზულად გამოასწორა ბიზნესის გარემო, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეაჩერა გაუმჯობესება და ზოგ შემთხვევაში ეკონომიკური თავისუფლებები გააუარესა. ქვემოთ ცხრილში ასახულია ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ან შემცირების ტენდენციები 2000-2013 წლებში (პროცენტებში, მსოფლიო ბანკის მონაცემები):

როგორც კარგად ჩანს, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობას, რომლებსაც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ჰქონდათ, გაუჭირდა ევროკავშირის მარეგულირებელი ტვირთის ზიდვა. მათ (სხვადასხვა ხარისხით) დაკარგეს საკუთარი ავტონომიური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და პოლიტიკის პასუხისმგებლობამაც, ხშირ შემთხვევაში, ცენტრისკენ გადაინაცვლა.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებმა ხელისუფლებამ საქართველოში თუ სხვაგან, ვინც ახლა ევროპულ ბიუროკრატიასთან აპირებს მუშაობას, უნდა გაითვალისწინოს ზემოთ აღწერილი და სხვა ფაქტორები, უკიდურესად ფრთხილად მოეპყროს ახალი ვალდებულებების აღებას, რომელსაც ადვილად შეუძლია ეკონომიკური თავისუფლებები და ზრდა შეამციროს. ზრდის შემცირებას, როგორც უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოხდა, ვერანაირი ევროპული დახმარება ვერ გაუკეთებს კომპენსაციას. მით უმეტეს, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის ერთადერთი, ვისთანაც ამ ერებს მოუწევთ ურთიერთობა და მათი მოთხოვნების გათვალისწინება. ეკონომიკური ზრდის შემცირებას უსაფრთხოების შინაური და საგარეო რისკების სერიოზული ზრდაც მოჰყვება.

კომენტარები