თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სადამკვირვებლო მისიის მომხსენებელმა იოს ვიენენმა (ნიდერლანდები, ევროპული ხალხთა პარტია/ევროპის საბჭოს კონგრესი) ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ დამამცირებელი და სიძულვილით აღსავსე დისკურსისგან და ძალადობრივი ქმედებებისგან.
"მთავრობამ, ისევე როგორც ოპოზიციამ, ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ უზრუნველყოს კამპანიის სამართლებრივად და დემოკრატიულად ჩატარებისთვის შესაბამისი გარემო არჩევნების მეორე, ამდენად მნიშვნელოვან ტურამდე დარჩენილ დღეებში“, - განაცხადა ვიენანმა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა იზრუნოს სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაზე და თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისა და ნაბიჯებისგან, რომელებიც არასასურველ დაძაბულობას გამოიწვევს.
"გასულ კვირას, თბილისის ყოფილი მერის და ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის მთავარი მენეჯერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, ბატონმა ვიენენმა განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, გამოძიებასა და ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე გაგრძელებულიყო. ევროპის კავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ გაკეთებული განცხადების მხარდასაჭერად, კონგრესის მომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სამართლწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფისაკენ", - წერია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალ, 12 ივლისს, რვა თვითმმართველ ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში გაიმართება. ამასთან, არჩევნებამდე რვა დღით ადრე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას.




